22 წლის ნაომი მუსენგამ სტრასბურგიდან, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკა და ოპერატორს მუცლის ტკივილის შესახებ უთხრა. ახალგაზრდა ქალს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება სურდა. ოპერატორი მას უკმეხად ესაუბრა, გაიცინა კიდეც და ყურმილი დაკიდა. ნაომი მუსენგა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
22 წლის ქალის და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ოპერატორის საუბრის აუდიო ჩანაწერი, გარდაცვლილის ოჯახმა გაასაჯაროვა. ჩანაწერზე, რომელსაც ახლა სამართალდამცველები იკვლევენ, ისმის, რომ მუსენგა ამბობს-„ ძალიან მტკივა, მოვკვდები“. საპასუხოდ კი ოპერატორი ეუბნება -„რა თქმა უნდა მოკვდები, ისევე როგორც ყველა ადამიანი“. საბოლოოდ, ოპერატორმა ურჩია გოგონას, ჩვეულებრივი ექიმისთვის დაერეკა და ტელეფონი გათიშა. შედეგად, ნაომი იძულებული იყო სხვა, კერძო სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა და მედიკოსები მასთან მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ მივიდნენ. ნაომი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე, გულის შეტევით გარდაიცვალა. გოგონას ცხედრის გაკვეთამ ცხადყო, რომ მას ძლიერი შიდა სისხლდენა ჰქონდა, რამაც პოლიორგანული უკმარისობა გამოიწვია.
მომხდარმა ფრანგულ სოციალურ ქსელებში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ოპერატორი, რომელმაც ქალს დახმარებაზე უარი უთხრა, სამსახურიდან დაითხოვეს. გამოძიებას საფრანგეთის პროკურატურა აწარმოებს.
Prev Post
სხვა სიახლეები