ევროპას ანომალიური სიცხე უტევს — ბრიტანეთში ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს

ევროპის რამდენიმე ქვეყანა მაისისთვის უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას ებრძვის. საფრანგეთის 20-ზე მეტ ქალაქში უკვე დაფიქსირდა მაისის რეკორდული სიცხე, ესპანეთის ცალკეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე ავიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში თითქმის საუკუნოვანი რეკორდი მოიხსნა.

ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ორშაბათს ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში 33,5°C დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის მაისის თვის აბსოლუტური რეკორდია.

აქამდე რეკორდულ მაჩვენებლად 32,8°C ითვლებოდა, რომელიც 1922 წლის 22 მაისს ლონდონის კემდენის რაიონში დაფიქსირდა. ანალოგიური ტემპერატურა 1944 წლის 29 მაისსაც აღირიცხა ქალაქებში — ჰორშემში, ტანბრიჯ-უელსსა და ლონდონის რიჯენტს-პარკში.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ბრიტანეთში ტემპერატურა შესაძლოა 35 გრადუსამდეც გაიზარდოს.

ლონდონში გასულ ღამეს ასევე დაფიქსირდა მაისისთვის რეკორდულად მაღალი ღამის ტემპერატურა — 19,4°C.

სპეციალისტების პროგნოზით, მომდევნო დღეებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში მაისის ასობით ახალი ტემპერატურული რეკორდი დამყარდება.

ევროპის მრავალ რეგიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმას ერთდროულად 12-15 გრადუსით აჭარბებს.

საფრანგეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მიმდინარე პროცესს „ნაადრევ, გამორჩეულ და ხანგრძლივ“ სიცხის ტალღად აფასებს, რომელიც, მათი ვარაუდით, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

წყარო – BBC

კომენტარები

სხვა სიახლეები