თურქეთში ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაცია ფართოვდება — თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის აღმოჩნდა თურქული კინოს ლეგენდის, თურქან შორაის ქალიშვილიც.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს იაღმურ უნალი, რომელიც პროკურატურის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქმეზე მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში ფიგურირებს. თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის რამდენიმე რაიონში ერთდროულად ჩატარდა და თავდაპირველად 14 პირის დაკავებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
საქმეში ფიგურირებენ თურქეთის შოუბიზნესისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებიც — მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები და ინფლუენსერები. მედიის ცნობით, გამოძიებას სტამბოლის პროკურატურა ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციების დროს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკაც ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის აკრძალული ნივთიერებები და ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.
იაღმურ უნალთან ერთად დამატებით დააკავეს შეფ მზარეული ერენ ქესიმერი და მსახიობი სემიჰა ბეზექიც. ამ ეტაპზე უცნობია, რა სამართლებრივი სტატუსი ექნებათ საბოლოოდ საქმეში ფიგურანტებს, თუმცა თურქული მედია წერს, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში რჩება.