ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებამ ახალი საოჯახო რეგულაცია მიიღო, რომელმაც საერთაშორისო კრიტიკის ძლიერი ტალღა გამოიწვია. უფლებადამცველების შეფასებით, ახალი კანონი ფაქტობრივად ბავშვთა ქორწინებებს აკანონებს და გოგონების უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ყველაზე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩანაწერმა, რომლის მიხედვითაც „ქალწული გოგონას დუმილი“ ქორწინებაზე თანხმობად შეიძლება ჩაითვალოს. რეგულაციაში ასევე არ ფიქსირდება ქორწინებისთვის მინიმალური ასაკი და გადაწყვეტილება „სქესობრივ სიმწიფეს“ უკავშირდება, რაც, უფლებადამცველების თქმით, პრაქტიკაში არასრულწლოვანთა ქორწინების დაკანონებას ნიშნავს.
ახალი დეკრეტი „თალიბანის“ უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ დაამტკიცა. დოკუმენტი ავღანეთის ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა და მოიცავს ქორწინების, განქორწინებისა და მეურვეობის საკითხებს.
გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი კანონი ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო ამყარებს. მათი შეფასებით, ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა — გოგონებს აუკრძალეს განათლების მიღება, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ქალების დასაქმება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა.
უფლებადამცველები ასევე მიუთითებენ, რომ ქვეყანაში სიღარიბისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინებები უკვე საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.