ჩინეთში 14 წლის მოსწავლემ, ჩე ძინგანმა, საკუთარ სახლში საავიაციო ძრავი შექმნა — ამბავს გამოცემა Oddity Central ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ავიაციით დაინტერესება ჩე ძინგანმა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დაიწყო, როცა ქაღალდის თვითმფრინავებზე ექსპერიმენტებს ატარებდა. დროთა განმავლობაში ეს გატაცება სერიოზულ ინტერესად გადაიქცა — მისი მშობლების თქმით, მოზარდი ყოველდღიურად საათებს უთმობდა აეროდინამიკისა და სხვა დაკავშირებული დისციპლინების შესწავლას.
უკვე დაწყებით კლასებში მან რთული თემების ათვისება დაიწყო — მათ შორის მათემატიკური ანალიზი და ინჟინერული პროექტირება, პარალელურად კი სპეციალურ საინჟინრო პროგრამებთანაც მუშაობდა.
შემდეგ კი მიზანი დაისახა — საკუთარი რეაქტიული ძრავის შექმნა.
მოზარდმა არ ისურვა უკვე არსებული ნახაზების კოპირება და პროექტირებას ნულიდან შეუდგა: თავად ამუშავებდა დეტალებს, ქმნიდა ორზომილებიან და სამგანზომილებიან მოდელებს, ითვლიდა ჰაერის ნაკადების, ტემპერატურისა და წნევის პარამეტრებს.
სამუშაო პროცესს ის სოციალურ ქსელებში აზიარებდა, სადაც ერთგვარი მხარდაჭერაც მიიღო — ნაწილი რჩევებით ეხმარებოდა, ნაწილი კი დეტალების სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდვასაც სთავაზობდა.
ნახევარი წლის შემდეგ ჩე ძინგანმა ძრავის პირველი პროტოტიპი ააწყო, თუმცა ტესტირება წარუმატებელი აღმოჩნდა — პრობლემები როგორც კონსტრუქციაში, ისე საწვავის სისტემაში გამოვლინდა.
მიუხედავად ამისა, მოზარდი მუშაობას არ წყვეტს და უკვე გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობს.
მისი თქმით, წარუმატებლობა პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა — და მთავარი მოტივაცია, რომ წინ წავიდეს.