ჩიას მარცვლები უკვე წლებია „სუპერსაკვებად“ მიიჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდში ექიმები და ნუტრიციოლოგები განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს მათი ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი საუზმეზე მიღებამ.
სპეციალისტების თქმით, ჩიას მარცვლები დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ცილას და მინერალებს, რაც ადამიანს დიდი ხნით დანაყრებულობის შეგრძნებას უტოვებს და დღის განმავლობაში მადასაც ამცირებს. სწორედ ამიტომ, ბევრი მათ წონის კონტროლის ერთ-ერთ ბუნებრივ დამხმარედ მიიჩნევს.
განსაკუთრებული პოპულარობა ე.წ. „ჩიას პუდინგმა“ მოიპოვა — ჩიას მარცვლების რძეში ან წყალში ღამით დატოვებული ნარევი, რომელსაც დილით ხილს, იოგურტს ან თაფლს უმატებენ. დიეტოლოგები ამბობენ, რომ ასეთი საუზმე ორგანიზმს ენერგიას თანაბრად აწვდის და შაქრის სწრაფ მერყეობასაც ამცირებს.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა ჩიას მარცვლებს, აღნიშნა, რომ ნაკლებად შიოდა, უფრო სწრაფად ნაყრდებოდა და რამდენიმე კილოგრამიც დაიკლო. თუმცა სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩია „სასწაულმოქმედი საშუალება“ არ არის და ეფექტი მხოლოდ დაბალანსებულ კვებასთან ერთად აქვს.
ექიმები კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც ამახვილებენ ყურადღებას — ჩიას მარცვლები დიდი რაოდენობით წყალს იწოვს, ამიტომ მათი მიღებისას აუცილებელია საკმარისი სითხის დალევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მუცლის შებერილობა, დისკომფორტი ან საჭმლის მომნელებელი პრობლემები განვითარდეს.
სპეციალისტების რეკომენდაციით, დამწყებებისთვის დღეში ერთი-ორი ჩაის კოვზით დაწყებაა სასურველი, შემდეგ კი რაოდენობის ნელ-ნელა გაზრდა.
წყარო – Daily Mail