1. კლასიკური გაციება გამოწვეულია ვირუსებით, ძირითადად — რინოვირუსით.
არც ნიმესილი, არც პარაცეტამოლი და არც იბუპროფენი უშუალოდ გაციების წამალი არ არის, ანუ ისინი ვირუსზე საერთოდ არ მოქმედებენ.
ეს პრეპარატები უბრალოდ ამცირებენ ტკივილსა და მომატებულ ტემპერატურას, რაც დისკომფორტს გვიხსნის.
2. პანიკური აშლილობის დროს საერთოდ არ არის აუცილებელი, რეალურად გქონდეს პანიკური შეტევები. ამ დროს პაციენტს უბრალოდ ეშინია, რომ პანიკური შეტევა არ დაემართოს და სულ ამის მოლოდინშია — ჩასაფრებული და მაქსიმალურად დაძაბული.
საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა ფსიქოთერაპიით ყოველთვის სრულად იკურნება.
3. სექსი მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქცია არ არის. მასში მრავალი სხვა ფაქტორი ჩაედინება: სოციალური, მორალური, ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული, ბიოგრაფიული, ყოველდღიური…
ყოველთვის შეხედეთ საკუთარ და პარტნიორის სქესობრივ ცხოვრებას დიიიდ კონტექსტში.
მაგალითად, როცა 12 საათი იმუშავე, 2 საათი გზაში გაატარე, გადაქანცული მიხვედი სახლში, გშია, დაბანა გინდა, გეძინება… ასეთ დროს სექსისთვის ადგილი ხშირად აღარ რჩება და ეს სრულიად ბუნებრივია.
4. თუ გაქვთ ქრონიკული ტკივილი, მაგალითად — შაკიკი, ნუ დაელოდებით ტკივილის გაძლიერებას. თავიდანვე მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, რადგან სუსტი ტკივილის გაყუჩება ბევრად ადვილია, ვიდრე ძლიერის.
5. პატიება იმიტომ არის ძალიან მაგარი, რომ პირველ რიგში ისევ ჩვენ — მპატიებლებს — გვანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და გვანთავისუფლებს უარყოფითი ფიქრებისა და ემოციებისგან.
ხოდა, ხშირად გაუკეთეთ საკუთარ თავს პატიების ეს საჩუქარი.
პ.ს. პატიება დავიწყებას არ ნიშნავს!
6. ადამიანს შორტები აცვია თუ არა, ამას მხოლოდ თავად ეს ადამიანი და ამინდი წყვეტს.
არცერთი რაციონალური კრიტერიუმით არ „ტეხავს“ შორტის ტარება — არც ასაკში, არც ქუჩაში, არც ბანჯგვლიანი თუ მსუქანი ფეხების შემთხვევაში.
დაანებეთ თავი მორალისტური პატრულის თამაშს და ყველამ საკუთარ, არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრებას მიაქციეთ ყურადღება, ინტერესი და პრიორიტეტი!
7. ასევე, არცერთი რაციონალური და მეცნიერული კრიტერიუმით არ არის ჰომოსექსუალური თუ ბისექსუალური ორიენტაცია გადახრა, აშლილობა ან ავადმყოფობა.
თუ ეს არ გესმით ან არ მოგწონთ — კი ბატონო, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი პირადი პრობლემაა.
8. ბოროტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ შვილები, ძირითადად — ვაჟები, რომლებიც დედას ბედნიერების უფლებას უკრძალავენ ახალი ურთიერთობის ან ქორწინების ფორმით.
ხშირად აქ, ალბათ, ისევ დედამ დაუშვა შეცდომა აღზრდის დროს და შვილი ზედმეტად “გააბლატავა” — „დედაენაცვალოს“ პრინციპით.
9. პირველ ადგილზე დგას ის, როგორ მექცევა ადამიანი და მასთან ურთიერთობა მწამლავს თუ მსიამოვნებს.
მეორე ადგილზე უნდა დავაყენოთ ისეთი მოცემულობა, როგორიცაა ბავშვობის მეგობარი, ბიძაშვილი, დეიდა.
დიახ — ძმაც, დაც, დედაც, მამაც და შვილიც.
თუ ადამიანი მუდამ მამწარებს, არ მიღებს ისეთს, როგორიც ვარ, მიზღუდავს თავისუფლებას, განვითარების საშუალებას, სხვებთან ურთიერთობას, ძალადობს… ის შხამიანია და იდეალურ შემთხვევაში — მოსაშორებელი.
10. განათლება მხოლოდ წიგნების კითხვა არ არის. განათლება არის გახსნილი გონება, სამყაროს მრავალფეროვნების აღქმა და მიმღებლობა, სხვანაირისა და ახლის მიმართ ტოლერანტობა, ემოციური ინტელექტი, პასუხისმგებლობის ქონა, საკუთარი საქციელის სხვებზე გავლენის გააზრება…
და განათლებული ადამიანი ყოველთვის უშვებს იმას, რომ რაღაცები არ იცის. ეს კი მას ცნობისმოყვარეს ხდის — ახალი ცოდნისა და განვითარების მაძიებელს.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და გახსნილ გონებას გისურვებთ!
წყარო – თქვენი ჰაუსი