დილას, მოქალაქემ შეშფოთებული ხმით დაგვირეკა

თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” თბილისის ახალ ზოოპარკში გადაღებული ფოტო გავრცელდა. ანდური კონდორის ფოტოს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ამინდის გაუარესება წელიწადის ამ დროს გასაკვირი არაა, მაგრამ მთლად თოვლსაც არ ველოდით… ზოოპარკშიც მოგვიტანა მოულოდნელმა ფიფქებმა სიახლე – უფრო სწორად, მოგვიყვანა. დილას, მოქალაქე მარინე ფერაძემ დაგვირეკა და შეშფოთებული ხმით გვამცნო, რომ მის ეზოში ძერა ჩამოვარდა. ფრინველის გადასარჩენად ვეტექიმების ჯგუფი გავგზავნეთ. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ჩამოვარდნილი ფრინველი არა ძერა, არამედ ანდური კონდორი იყო. ამ ფაქტმა დიდი დაბნეულობა გამოიწვია – საიდან შეიძლებოდა, მოხვედრილიყო სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ფრინველი თბილისში, ანდისყოისუს ქუჩის 3 ნომერში? თანაც იტალიურ ეზოში? კონდორი დარგოლილი იყო. რგოლის ნომერი საერთაშორისო ბაზაში მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ფრინველი პერუში, ნაცკას პლატოზე დაურგოლავთ 1980 წლის 14 იანვარს. დეტალების გასარკვევად ცნობილ პერუელ ორნითოლოგს, ლიმას უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ვარგასს დავუკავშირდით, რომელმაც ამ შემთხვევას ახსნა ვერ მოუძებნა და გვირჩია, პასუხი სხვა, მომიჯნავე მეცნიერებებში გვეძია. ამიტომ, სასწრაფოდ შევკრიბეთ მეცნიერების ჯგუფი. მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ყველაზე სარწმუნო ჰიპოთეზა ქართველმა სერვესოლოგმა, ბატონმა ზ. ნამორაძემ წარმოადგინა. მისი თეორიის თანახმად, სრულიად შესაძლებელია, საქმე გვქონდეს ეტიმოლოგიური იდენტურობის თეორიასთან, რომელიც ცნობილ ამერიკელ მეცნიერს, ჰაროლდ შის ეკუთვნის. ამ თეორიის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის ორ წერტილში, სადაც ორი სხვადასხვა სეზონია, ერთნაირი კლიმატური ფაქტორები იჩენს თავს, შესაძლებელია, მოხდეს სივრცის კონტინუუმის დარღვევა და ენტროპიის შედეგად რაიმეს დროსა და სივრცეში გადატანა. მსგავსი მოვლენა არაერთხელ დაფიქსირებულა გაურკვეველი წარმოშობის უცნაური ფიგურებით განთქმულ ნაცკას პლატოზე (პერუ), სადაც კვაზივორტექსული ძალების დიდი კონცენტრაცია შეინიშნება. ანუ, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც პლატოზე ცირკულირებს კვაზივორტექსული ტორნადო, ამ ცირკულაციის ცენტრში მოხვედრილი ორგანიზმი შესაძლებელია, გადატყორცნილ იქნას დიდ მანძილზე, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ანალოგიური მეტეოროლოგიური პირობებია. და, როგორც ჩანს, დღევანდელი თოვაც ამ კვაზივორტექსულ-ატმოსფერული დაძაბულობის შედეგი იყო. გზააბნეული ანდური კონდორის ანალიზები გადავგზავნეთ ვირაკოჩას სახელობის ფრინველთა კვლევისა და დარგოლვის საერთაშორისო ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ ფრინველი ჯანმრთელი და ფერტილურია, კონდორს დავიტოვებთ და ჩვენს ზოოპარკში მობინადრე ანდურ კონდორთან მოვათავსებთ. დოქტორი ვარგასი დაგვპირდა, რომ ფრინველის ადაპტაციის პროცესს პირადად გააკონტროლებს და იზრუნებს კონდორების მართვეების სათანადო აღზრდაზე”, – ვკითხულობთ პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები