რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ „ევროვიზია 2026“-ზე ბულგარეთის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი თავადაც შეასრულა. მისი თქმით, გამარჯვებული ნომრის მომზადებაში მისი გუნდი მონაწილეობდა და სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს წარმატება გარკვეულწილად მასაც ეკუთვნის.
„მე მოვიგე ეს კონკურსი“, — განაცხადა კირკოროვმა ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც აღნიშნა, რომ ბულგარეთის წარმომადგენელს, დარას, და მის გუნდს აქტიურად ეხმარებოდა. მომღერლის თქმით, ბულგარეთი მისთვის განსაკუთრებული ქვეყანაა და დახმარებაზე უარის თქმა არ შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2026“-ის გამარჯვებული ბულგარელი მომღერალი დარა გახდა, რომელმაც სიმღერით Bangaranga კონკურსის ისტორიაში ბულგარეთს პირველი გამარჯვება მოუტანა.
კირკოროვის განცხადებამ სოციალურ ქსელებსა და მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით სიმღერის ერთ-ერთმა ავტორმა, ბერძენმა კომპოზიტორმა დიმიტრის კონტოპულოსმა, განაცხადა, რომ კირკოროვი გამარჯვებული კომპოზიციის შექმნაში არ მონაწილეობდა. მსგავსი განცხადება გააკეთა პროდიუსერმა კრისტიან ტარჩეამაც, რომლის თქმით, სიმღერა მხოლოდ ოთხი ავტორის მიერ შეიქმნა და მათ შორის კირკოროვი არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, კირკოროვი ამტკიცებს, რომ დარას საკონკურსო გამოსვლის მომზადებაში მისი გუნდი იყო ჩართული, რაზედაც დისკუსია დღემდე გრძელდება. თავად დარასა და ბულგარეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.