თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკურორტო რეგიონში — ანტალიაში — რამდენიმე ცნობილ პლაჟზე მოწევა ოფიციალურად აიკრძალა. ახალი რეგულაცია 5 ივნისიდან ამოქმედდა და თავდაპირველად ლარას, ბელეკის, ჩამიუვასა და ბიჩ-პარკის სანაპიროებს შეეხება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება გარემოს დაცვის ახალი პროგრამის — „ლურჯი ხმელთაშუა ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში მიიღეს. პროექტის მიზანია სანაპირო ზოლისა და ზღვის ეკოსისტემის დაცვა, რადგან სპეციალისტების შეფასებით, სიგარეტის ნამწვავები პლაჟების დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ნამწვავები ხშირად ზღვის ორგანიზმებში ერევათ და გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ, ახალი წესების მიხედვით, აკრძალულია როგორც მოწევა, ისე სიგარეტის ნარჩენების სანაპიროზე დატოვება.
თურქული მედიის ინფორმაციით, რეგულაციის დამრღვევებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მომავალში მსგავსი შეზღუდვები ქვეყნის სხვა ტურისტულ ზონებშიც გავრცელდეს.
ანტალია ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზაფხულო მიმართულებად ითვლება. ახალი ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოწევის აკრძალვა პლაჟებს უფრო სუფთასა და უსაფრთხოს გახდის როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ზღვის ბინადრებისთვის.