კანადა 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს

კანადის ხელისუფლებამ პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს. ინიციატივა ე.წ. „ციფრული უსაფრთხოების აქტის“ ნაწილია და მიზნად ახალგაზრდების ონლაინ საფრთხეებისგან დაცვას ისახავს.

კანადის კულტურის მინისტრის, მარკ მილერის განცხადებით, სოციალური ქსელები და ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები ხშირად ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლის ყურადღება მაქსიმალურად მიიზიდოს, რაც ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ხელისუფლების შეფასებით, ეს პლატფორმები შეიძლება გახდეს შფოთვის, იზოლაციისა და დეპრესიის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი.

კანონპროექტის მიხედვით, სოციალური ქსელების საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი არასრულწლოვანთა უსაფრთხოების მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. წესების დარღვევისთვის კომპანიებს მრავალმილიონიანი ჯარიმები ემუქრებათ. დოკუმენტი ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების რეგულირებასაც ითვალისწინებს და სპეციალური ციფრული მარეგულირებლის შექმნას გულისხმობს.

თუ ინიციატივა დამტკიცდება, კანადა იმ ქვეყნების რიგს შეუერთდება, რომლებიც არასრულწლოვანთა სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვისკენ მიდიან. მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგა ავსტრალიამ, ხოლო შესაბამის კანონმდებლობას განიხილავენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები.

კომენტარები

სხვა სიახლეები