ქობულეთში ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი დაიდგმება

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკება დაიდგმება.  2019 წლის 5 აგვისტოს ავთანდილ ცხვედიანი შტორმის დროს ზღვაში თავისი ძაღლების, ბასტისა და ჯესის გამოსაყვანად ორჯერ შევიდა, ერთის გამოყვანა შეძლო, თუმცა მეორედ შესვლის შემდეგ დაიღუპა. მისი ოთხფეხა მეგობარი კი გადარჩა.

ქობულეთის მერიამ ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარს შეადგენს. ქობულეთის მერიის ცნობით, მემორიალის განთავსებით ჰუმანურ აქტს  პატივი მიეგება და მემორიალი გახდება მეგობრობისა და თავგანწირვის სიმბოლო.

სატენდერო წინადადების თანახმად, ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, რომელიც არ უნდა იყოს კამერული ხასიათის. ესკიზი უნდა იყოს თემატური, შთამბეჭდავი, ორიგინალური, მიმზიდველი, კონტაქტური და ადვილად აღქმადი. ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ-არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი. წარმოდგენილ მემორიალის (ქანდაკებას) ესკიზს უნდა ქონდეს საინფორმაციო ადგილი, სადაც განთავსდება ინფორმაცია ქანდაკების შესახებ. ტენდერში წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს დასრულდება.

წყარო:batumelebi.

კომენტარები

სხვა სიახლეები