ჩინეთში, ჯიანგჰის პროვინციის ხელისუფლებამ, ადამიანების კუბოებში დაკრძალვის ტრადიციას ბრძოლა გამოუცხადა. ამ რეგიონში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა, წლების განმავლობაში აგროვებს ფულს, რათა შეძლონ თავისთვის კუბოს ყიდვა, შემდეგ კი მას სახლში სათუთად ინახავენ. პროვინციის ხელისუფლება კი, მძლავრ კამპანიას აწარმოებს, რათა მოქალაქეებმა ტრადიციული დაკრძალვა შეცვალონ კრემაციით. ამის მიზეზი, როგორც გარემოს დაცვა, ასევე ზედმეტად შორს წასული ტრადიციის აღმოფხვრაა. როგორც ცნობილია, ხელისუფლება მხოლოდ კრემაციაზე გადასვლას, ამა წლის სექტემბრიდან აპირებს.
ჩინეთის მედიასა და სოციალურ ქსელებში კადრები გავრცელდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ერთად, ძალის და ექსკავატორების გამოყენებით, ანადგურებენ სახლებიდან გამოტანილ ათასობით კუბოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ხელისუფლებას მოსახლეობისგან იმდენად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, ძალისმიერი მეთოდებით მოეხდინათ კუბოების კონფისკაცია. ამას გარდა, ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, მინიმუმ 6-მა მოხუცმა თავი მოიკლა, როდესაც გაიგეს მთავრობის მიერ დაგეგმილი, სახლებიდან კუბოების ამოღების შესახებ.
ხელისუფლებამ მეორე გზასაც მიმართა. ადგილობრივებს კომპენსაციებსაც უხდიან, მაგრამ ცოტა ადამიანი თუ თანხმდება ფულის აღებას, თავისი „ძვირფასი“ და წლობით შენახული კუბოს სანაცვლოდ. რეფორმას მედიაშიც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. მრავალი ჩინური გამოცემა აღშფოთდა იმის გამო, რომ ადამიანებს ძალის გამოყენებით ართმევენ მათ ქონებას და უკრძალავენ ისე დასაფლავებას, როგორც მათ სურთ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაზეთმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ პროვინციაში გულმოკლულ ჩინელებზე და ადგილობრივი ხელისუფლების ბარბაროსობაზე აპელირებდა.