როგორ უპატრონეს გარდაცვლილ ოსს ქართველებმა და რას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება და 2004 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს.
“მძინარე ცხინვალი“ – 2004 წლის აგვისტო იყო, გვესროლეს და ჩვენც ვესროლეთ. სამი კაცი დაგვიჭრეს, არც ჩვენ დავაკელით და ვალი გადაჭარბებით დავუბრუნეთ. ისე მოხდა, რომ როდესაც გარბოდნენ, ერთი გარდაცვლილი მიატოვეს და ჩვენ წამოვასვენეთ. გორის უშიშროების უფროსად ერთი წესიერი კაცი ზაზა დიდბერუაშვილი მუშაობდა. იმას ვთხოვე, რომ წამოღებული ოსი ბოევიკის გვამისთვის მიეხედა. მეორე დღესვე “მძინარე ცხინვალიდან” გვამის დაბრუნება მოითხოვეს. დიდბერუაშვილს ვუთხარი, რომ მალევე გადაეცა მიცვალებული მათთვის. გვამის გადაცემა გაჭიანურდა იმის გამო, რომ ზაზას ყველა წესის დაცვით მიცვალებული უკვე დაეკრძალა. მიცვალებული არათუ გაეპატიოსნებინა, სახლიდან მოეტანა გარდაცვლილი მამამისის შარვალ-კოსტუმი, ჩაეცმია და ისე მიებარებინა მიწას. წასასვენებლად გადმოსულმა გაკვირვებულმა ოსებმა ზაზას უამრავი მადლობა უთხრეს ამის გამო. ეს ზაზას საქციელი არ იყო მარტო. ყველა ქართველი ასე მოიქცეოდა. დღეს კი ეს ჯაყოს გაზრდილები ჩვენ მიცვალებულს არათუ არ გვიბრუნებენ, აქეთ გვიგინებენ. არ გასწორდება მაგათი კუდი. ჩემი თუ არ გჯერათ, მიხეილ ჯავახიშვილს დაუჯერეთ, გადაიკითხეთ “ჯაყოს ხიზნები“,- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები