ადგილი, სადაც დედოფალმა ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა — რას წერს მეფე ჩარლზი ბალმორალზე

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ბალმორალის სასახლეზე გამოცემული ახალი გზამკვლევისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში დედის, დედოფალ ელიზაბეტ II-ის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოტლანდიაში მდებარე სამეფო რეზიდენცია მისთვის „გამორჩეულად ძვირფასი ადგილი“ იყო.

80-გვერდიან გამოცემაში მეფე ბალმორალს ოჯახის „საყვარელ სახლს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ადგილი უნიკალური არქიტექტურითა და შთამბეჭდავი ბუნებით გამოირჩევა.

„ბალმორალი ჩემი ოჯახის საყვარელი შოტლანდიური სახლია მას შემდეგ, რაც 1852 წელს ის ჩემმა დიდი ბაბუის დიდი ბაბუამ, პრინცმა ალბერტმა შეიძინა. თავისი გამორჩეული შენობებითა და თითქმის წმინდა ბუნებრივი გარემოთი ეს არის ადგილი, სადაც თითქოს ყველაფერი იცვლება, თუმცა ამავე დროს უცვლელი რჩება. აქ დროის განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომელიც სულს განაახლებს“, — წერს მეფე ჩარლზი.

მისი თქმით, ბალმორალს განსაკუთრებული ადგილი ეკავა როგორც მის, ისე მთელი სამეფო ოჯახის გულში, თუმცა დედოფალ ელიზაბეტ II-ს ეს რეზიდენცია განსაკუთრებით უყვარდა.

„ბალმორალი ჩემი ბავშვობიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. დედაჩემი აქ გატარებულ დროს განსაკუთრებით აფასებდა. სწორედ ამ ყველაზე საყვარელ გარემოში გადაწყვიტა მან ცხოვრების ბოლო დღეების გატარება“, — აღნიშნავს მეფე.

ბალმორალის მამული 1852 წელს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ალბერტმა შეიძინეს. მას შემდეგ სასახლე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ საყვარელ საზაფხულო რეზიდენციად იქცა.

შეგახსენებთ, რომ დედოფალი ელიზაბეტ II 2022 წლის 8 სექტემბერს სწორედ ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. ის 96 წლის იყო და ტახტზე 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები