“მამა ილია ჩვენთან ერთად იყო. ხელი ეკიდა ჩვენზე და გვამხნევებდა, ნუ გეშინიათ, ილოცეთ და გადავრჩებითო”.
ადრეატიკის ზღვაში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილები შემთხვევის დეტალებს იხსნებენ. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნანა ტატალაშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს „ნორმან ატლანტიკზე“ იმყოფებოდა, ამბობს, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთს თავი სასწაულებრივად დააღწიეს.
„საბერძნეთის პორტიდან გემით უნდა გადავსულიყავით იტალიაში. ღამის 12 საათზე ავედით გემზე. ახალი ჩაძინებულები ვიყავით, რომ გაგვაღვიძეს. მთელი გემი კვამლში იყო გახვეული. საგანგაშო სიგნალი მაშინ ჩაირთო, როცა ქვედა სართული უკვე დამწვარი იყო და ცეცხლი ზემოთ მოდიოდა. ისეთი არეულობა იყო, სამაშველო ჟილეტებიც კი არ დაურიგებიათ. მამა ილია წავიდა და მოგვიტანა საიდანღაც, კისერზე გადაგვაცვა ყველას, მაგრამ თურმე სპეციალური შეკვრა იყო საჭირო და არ ვიცოდით, არც არავინ დაგვხმარებია…ზღვა საშინლად ღელავდა; ამ დროს მამა ილია ჩვენთან ერთად იყო. ხელი ეკიდა ჩვენზე და გვამხნევებდა, ნუ გეშინიათ, ილოცეთ და გადავრჩებითო. თვითონ საოცრად მხნედ გამოიყურებოდა, პანიკაში არ ჩავარდნილა. მამა ილია გაუჩერებლად გაიძახოდა, ილოცეთო“, – ამბობს ის.
ტატალაშვილი ერთ-ერთი იყო მათგან, ვისაც მამა ილია კარტოზიამ გემზე ადგილი დაუთმო.
„ყველას დაუთმო და ნავში, მგონი, მხოლოდ მაშველებიღა იყვნენ დარჩენილი და მამა ილია. თვითონ რომ უნდა ამოსულიყო, კიბის დამჭერი აღარავის ჰყავდა. ზღვის ტალღამ დაჰკრა და წყალში ჩავარდა. ორჯერ ამოყვინთა, მაგრამ მერე დაიკარგა. არ ვიცი, ცურვა იცოდა თუ არა, მაგრამ მღვდლის შესამოსელი, კაბა ეცვა. ცურვა რომც სცოდნოდა, იმ კაბით ვერ გაცურავდა. საოცარი ის იყო, რომ თავის ჩანთას, სადაც ხატები და სიწმინდეები ედო, ხელს არ უშვებდა. ჩვენ ყველაფერი გადაგვაყრევინა, თვითონ კი ჩანთისთვის ხელი არ გაუშვია, ისე ჩაიძირა წყალში“, – ამბობს ტატალაშვილი.
წყარო: ჟურნალი “სარკე”