რატომ სჭირდება მსოფლიოს სიყვარულის დოქტრინა

პარიზში გუშინ დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ ძნელია ადამიანს ძალიან მძიმე განწყობა არ გქონდეს. სიტყვის თავისუფლება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და როდესაც ადამიანები ეწირებიან საკუთარ ნაწერს თუ ნათქვამს, ეს ყოველთვის ბარბაროსობა იქნება, რა დროშიაც არ უნდა მოხდეს და რა პირობებიც არ უნდა უწყობდეს ამას ხელს.

საინტერესოა, რა იწვევს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაშია გაზრდილი – ანუ ეგრეთ წოდებულ ოქროს მილიარდში – უცებ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ტერორისტი გახდეს და უდანაშაულო ადამიანები დახოცოს. მე მახსენდება ჯერ კიდევ 1995 წლის გაზაფხულზე ტიმოთი მაკვეის მიერ ოკლაჰომა სიტიში ჩადენილი ბარბაროსული აქტი, რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, მათს შორის ბავშვები, რომლებიც მის მიერ აფეთქებულ შენობაში – ბაგა-ბაღში იყვნენ. არასდროს დამავიწყდება პოლიციელის სურათი, რომელსაც სულ თოთო ბავშვი დასისხლიანებული გამოჰყავს შენობიდან. მას მერე ბევრი ტერორისტული აქტის მოწმეები გავხდით. მერე მოვიდა „ალ ყაიდა“ და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქება და ახლა უკვე ISIS (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) გამოჩნდა ასპარეზზე. და აი, ახლაც, ფრანგული იუმორისტული ჟურნალის თანამშრომლები სამმა საფრანგეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ უმოწყალოდ დახოცა. ამ ფაქტების ასეთმა მომრავლებამ იმაზე უნდა დაგვაფიქროს, რომ ეს შემთხვევები ტიმოთი მაკვეის, ბინ ლადენის, ალ ზავაჰირის პერსონალური პათოლოგია კი არ არის – დღევანდელი მსოფლიოს სოციალური პათოლოგიაა.
დღეს, რომ ახალგაზრდა ადამიანს, მათს შორის საქართველოში გაზრდილ ISIS-ის ერთ-ერთ მთავარ საველე მეთაურს ტერორისტობა უნდება – ეს სერიოზული სოციალური ავადმყოფობის ნიშანია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციას აქვს.
კონფლიქტების მოგვარების და არაძალადობის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტის, ჯონ ბარტონის აზრით, აგრესიისა და ძალადობის ძირეული მიზეზი სწორედ დაუკმაყოფილებელი ადამიანური მოთხოვნილებებია. ოღონდ ბარტონი მხოლოდ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე არ საუბრობს – ის ონტოლოგიურ მოთხოვნილებებზე ლაპარაკობს. მათს შორისაა უსაფრთხოება, პატივისცემა, იდენტობა, ცნობა და ასე შემდეგ. სხვათა შორის, დიმიტრი უზნაძეც, როდესაც ადამიანის განწყობაზე საუბრობს, ბარტონზე დიდი ხნით ადრე მიუთითებდა, რომ განწყობა არის მოთხოვნილებების და მოცემული სიტუაციის ან მდგომარეობის ჯამით მიღებული ფენომენი. ანუ თუ ადამიანი აგრესიულად არის განწყობილი და მზად არის, სხვა ადამიანების და საკუთარი თავის გასაწირად, ესე იგი, მისი გარკვეული მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია და ამაში მას გარემო ფაქტორები და სიტუაცია ხელს უშლის. სხვათა შორის, უზნაძის ნაწერები წამყვან კონფლიქტოლოგთა ნაწერებს დროში ბევრად უსწრებს წინ და საოცარია, რომ მას ბევრი ფაქტორი ჯერ კიდევ 1920-იან და 30-იან წლებში კარგად ჰქონდა გამოკვლეული.
ჩვენ ისიც ვიცით, რომ ისევე როგორც ამერიკელ ახალგაზრდა კაცს ტიმოთი მაკვეის, ასევე სამ ფრანგ ახალგაზრდა მკვლელ-ტერორისტს საკუთარი ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იმდენად მაინც ჰქონდათ, რომ საჭმლის ან ჭერის გულისათვის არავის მოკლავდნენ. ამერიკაში დიდი ხანია მოქმედებს სოციალური უსაფრთხოების სისტემა და საფრანგეთი კი ერთ-ერთი წამყვანი „კეთილდღეობის სახელმწიფოა“. საჭმლისა პრობლემა არც ოსამა ბინ ლადენს ჰქონდა, რომლის ოჯახიც საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესია და ამერიკაში უამრავ ბიზნესს ფლობს. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში გაზრდილი ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას არც ჭამის და არც სექსის პრობლემა არ აწუხებს. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დღევანდელ ნეოლიბერალურ სამყაროში – ოქროს მილიარდის მაცხოვრებლისათვის – ძალიან ადვილია. არსებობს სახელმწიფო სერვისები და არასოციალური, მაგრამ მეტად გავრცელებული ბორდელები, სადაც ახალგაზრდებს თავისი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება თავისუფლად და საკმაოდ იაფადაც შეუძლიათ. აქ საქმე ისევ, ბარტონისეულ ონტოლოგიურ და უზნაძის ენაზე რომ ვთქვათ, მორალურ და ზნეობრივ მოთხოვნილებებამდე დადის.
ცხადია, ყველა ინდივიდს და ყველა ჯგუფს სხვადასხვა სოციალური სტატუსი და სტენდინგი აქვს დასავლურ საზოგადოებაში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დღეს მუსლიმი თემი ევროპაში და ამერიკაშიც თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს. ცხადია, არის გარკვეული ისლამოფობიაც – ზოგჯერ ყურანს დაწვავენ, ზოგჯერ წინასწარმეტყელი მუჰამედის კარიკატურას გამოაქვეყნებენ და ზოგჯერ იტყვიან „ეს დაუბანელი არაბებიო“. ზინედინ ზიდანმა მსოფლიო თასზე უარი თქვა თავისი სელახული ღირსების გამო 2006 წელს. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ტერორისტებს შორის არა მარტო მუსლიმ ოჯახებში გაზრდილი ახალგაზრდები არიან. აქ ბევრია ტიმოთი მაკვეის მსგავსი ქრისტიანულ ან ევროპულ სეკულარულ ტრადიციაზე გაზრდილი ახალგაზრდებიც, რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად უერთდებიან ტერორისტების და „ჯიჰადისტების“ რიგებს. ეს ადამიანები დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში არიან.
რატომ? რა დაუშავათ მათ საკუთარმა „კეთილდღეობის სახელმწიფოებმა“? რატომ უნდა აუჯანყდე საფრანგეთის სოციალურად კეთილმოწყობილ „ამქვეყნიურ სამოთხეს“?
ეს კითხვები, მართლაც, პასუხგაუცემელია. თუმცა ბევრმა მოაზროვნემ სცადა, ეპასუხა ამ საკითხზე. ჟან ბოდრიარი 2001 წლის ტერორისტული აქტის შემდეგ წერდა, რომ მსოფლიოში გამეფებული უსამართლობის ცენტრად სწორედაც რომ ამერიკული კაპიტალიზმის სიმბოლო – „მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი“ მიიჩნიეს და ამიტომაც მოხდა თავდასხმაო. იმის გათვალისწინებით რომ „გლობალურ სამხრეთში“ – ანუ „ოქროს მილიარდს“ მიღმა დარჩენილ მსოფლიოს 6 მილიარდ მოსახლეში აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, მართლაც, საშინელი ცხოვრებისეული პირობებია, შეიძლება მართლაც იფიქრო რომ დიდი ფრანგი ფილოსოფოსი მართალი იყო. თუმცა, აქ ბევრი მაგრამ არის: კერძოდ ის, რომ არამუსლიმი წარმოშობის, საშუალო კლასში და მდიდარ ოჯახებში დასავლელი ახალგაზრდები – ანგლო, ან სხვა ევროპული წარმოშობის კაცები და ქალები ჯიჰადს უერთდებიან და სიძულვილით ლაპარაკობენ საკუთარ ცივილიზაციაზე. და ასეთი ადამიანების რიცხვი დღითი დღე მატულობს. მეორე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ რანსიერი თავის წიგნში „დემოკრატიის სიძულვილი“ წერს რომ საყოველთაო მომხმარებლური საზოგადოების ცხოვრების სტილი იმდენად ამაზრზენია თავისი მატერიალისტური ტენდენციებით, სადაც ადამიანს მომხმარებლობიდან თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად არ რჩება, რომ ბევრი ამის შედეგად ან თვითმკვლელობას ანკი ჯიჰადისტობას მიმართავსო. თუკი 50 წლის წინ არსებობდა მომხმარებლური მსოფლიოს ალტერნატივა ტოტალიტარული, მაგრამ მაინც თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული საბჭოთა კავშირის სახითო, ახლა, რანსიერი ამბობს, რომ უალტერნატივობა იწვევს თანამედროვე „ლიბერალური დემოკრატიის“ სისტემის სიძულვილს და ახალგაზრდებს ჯიჰადს უერთებსო. არადა, 1992 წელს ცნობილმა ნეკონსერვატიულმა ამერიკელმა მოაზროვნემ ფრენსის ფუკიამამ გამოაცხადა, რომ ცივ ომში ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებით „ისტორიის ბოლო“ მოვიდა და უკეთესი სისტემის აშენება შეუძლებელიაო. მაგრამ, ამ წიგნის დაწერიდან სულ რაღაც 3 წელიწადში ტიმოთი მაკვეიმ ოკლაჰომა სიტიში ჯოჯოხეთი მოუწყო ამ ლიბერალური დემოკრატიის სიძულვილით უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს და მას მერე ასეთი აქტები პრაქტიკულად ყოველ წელს ხდება – ხანდახან წელიწადში რამდენჯერმე.

2001 წლის 11 სექტემბერს ჯორჯ ბუშმა უმცროსმა ტერორიზმს ომი გამოუცხადა და ჯერ ავღანეთში, შემდგომ კი უკვე ერაყში შეიჭრა. ამერიკაში მიიღეს „პატრიოტის აქტი“, რომელმაც გაამკაცრა კონტროლი მოქალაქეებზე და გარკვეულწილად ჯორჯ ორველის 1984 წლის „დიდი ძმა“ გააცოცხლა. ამან შეიძლება დროებით გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ მაინც ვერ გააჩერა დასავლელი ახალგაზრდების გატერორისტების პროცესი. „პოლიციურმა მეთოდმაც“ არ გაამართლა. ტერორისტული აქტები მოეწყო მადრიდში, ლონდონში, სტამბოლში, მოსკოვში, ოსლოში და კიდევ ბევრ სხვა ქალაქში. ტერორისტებად თითქმის ყველა შემთხვევაში ულტრა-მემარჯვენე ფილოსოფიის ფუნდამენტალისტი ან ექსტრემისტი ჯგუფები გვევლინებოდნენ. ნორვეგიაში, თვითონ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და უზრუნველყოფილ სახელმწიფოში გაზრდილი და დავაჟკაცებული ბატონი ბრეივიკი აღმოჩნდა ამ ბარბაროსული აქტის ავტორი. ის „კომუნისტებს და ისლამისტებს“ ერთდროულად დაერია და შედეგად ნორვეგიელი, ქართველი და სხვა ახალგაზრდული ბანაკის წევრები მოკლა სრულიად დაუნდობლად.
2001 წელს ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გამოაცხადეს, რომ ერთად შეებრძოლებიან ტერორს. ერთი ერაყში და ავღანეთში შევიდა, მეორე ჩეჩნეთში. ორივემ კერძო ტერორს სახელმწიფო ტერორით ანუ ფაქტიური ომით უპასუხა. მაგრამ, ამ ომმა ვერც ერთ შემთხვევაში შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ეტყობა,  ბუშს და პუტინს ტერორიზმის და ძალადობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია აკლდათ. აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც დიდხნიანი გაანგარიშებით დამარცხდნენ ტერორთან ბრძოლაში. მსოფლიოს ორი უძლიერესი იმპერია ვერ მოერია ინდივიდუალების ვიწრო ჯგუფს? საქმეც იმაშია რომ ეს უკვე აღარ არის ვიწრო ჯგუფი. „ალ ყაიდას“, „ისლამურ ჯიჰადს“, ლე პენის პარტიას, გერმანელ ნეონაცისტებს, ამერიკელ „ჩაის პარტიას“, კავკასიის ემირატს, და ახლა უკვე ISIS-ს მრავალი მილიონი მხარდამჭერი ჰყავთ. ამას წინათ გერმანიის კანცლერ მერკელს მოუწია ტელევიზიით გამოსვლა, რომ მოსახლეობა გაეფრთხილებინა, არ გამოხვიდეთ ქსენოფობიურ მრავალრიცხოვან მიტინგებზეო, მაგრამ ამ მოწოდების მერე ულტრა-მემარჯვენე პარტიების დაძახებულზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ დღევანდელ დასავლურ სამყაროში სახეზე გვაქვს ღირებულებების კრიზისი. იტალიელი ფილოსოფოსი ჯორჯო აგამბენი ამას თანამედროვე ნეოლიბერალური სისტემის დიდ ნაკლად მიიჩნევს. ის თვლის, რომ თვით დასავლეთშიაც მოსახლეობის უმრავლესობა უბრალოდ ცოცხალი არსების სტატუსით სარგებლობს, ანუ ძველი რომაული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „ჰომო საკერია“. ყველაზე საინტერესო ანალიზი კი ისევ მიშელ ფუკოს ეკუთვნის, რომელიც ლაპარაკობს თანამედროვე ბურჟუა ცივილიზაციაში „ბიოპოლიტიკის“ ბატონობაზე. თანამედროვე საზოგადოებრივი სისტემა დასავლეთში ადამიანს საკუთარი ბიოლოგიური მოთხოვნილებების მონად აქცევს, რითაც წინააღმდეგობაში მოდის მისივე სულიერ მოთხოვნილებებთან. აი, სწორედ აქ იქმნება უზნაძის ენით რომ ვთქვათ, „განწყობის კრიზისი“- ბიოლოგიური მოთხოვნილებები ანუ ბიოსფერო ბატონობს ცნობიერების და სულიერ სფეროზე. აქედან გამომდინარე, ადამიანს უჩნდება ფრუსტრაცია, უკმაყოფილება, რომელიც თანდათანობით გადადის აგრესიაში. აგრესიიდან ძალადობამდე კი მხოლოდ პატარა ნაბიჯია.
ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ თავის წიგნში „პავლე მოციქული, როგორც უნივერსალიზმის საფუძველი“ სწორედ ამ პრობელმაზე ლაპარაკობს. დღეს, დასავლური ცივილიზაცია ვეღარ იძლევა გამათავისუფლებელ იდეალებს და ამიტომაც მისი ბავშვები ნელ-ნელა ტერორისტების რიგებში გადადიან. დღევანდელი ეგრეთოწდებული ცივილიზებული სამყარო მოკლებულია ცივილიზაციის მაცოცხლებელ იდეას, რომელზეც იდგა ეს საზოგადოება. ამის შესახებ ეგზისტენციალისტები, სტრუქტურალისტები და პოსტ-სტრუქტურალისტები დიდი ხანია წერენ. ბადიუ თავის წიგნში კი ისევ პავლე მოციქულს უბრუნდება – მისი სიყვარულის გზავნილს. სწორედ, სიყვარულის დეფიციტია ყველა ამ საშინელი ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი. დღევანდელი გულგრილი ცივი-ლიზაცია შობს და ზრდის მკვლელებს, რომელნიც საკუთარ საზოგადოებასვე უსწორდებიან უმოწყალოდ. ამავე დროს „გლობალური სამხრეთი“ საშინელ დღეშია მატერიალურად. დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილობს. ჟაკ დერიდას და მუსტაფა ჩარიფის დიალოგში 2002 წელს დერიდა აღნიშნავს რომ „ისტორიის ბოლომ“ დემოკრატიის ად კეთილდღეობის მაგივრად მოიტანა ყველაზე ბარბაროსული უსამართლობის პერიოდი მსოფლიოს ისტორიაში. და ჩვენ ახლა ამ პერიოდში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომაც თვლის ალენ ბადიუ რომ პავლე მოციქულის სიყვარულის გზავნილი აგრერიგად საჭიროა მთელი მსოფლიოსათვის და პირველ რიგში თვით დასავლეთისათვის.
დღეს ტორონტოს უნივერსიტეტში ერთ-ერთ საინტერესო ლექციას დავესწარი ბირთვული იარაღის ისტორიასთან დაკავშირებით. ჩემს გვერდზე დაახლოებით 60-იოდე წლის გარემოსდამცველი და ანტი-ბირთვული მოძრაობის აქტივისტი იჯდა. როდესაც მას ვკითხე, რას ფიქრობთ მსოფლიოში დღეს არსებულ სიტუაციაზე მეთქი, მიპასუხა მე ვფიქრობ, რომ კაცობრიობას 30 წელზე მეტი ცხოვრება არ უწერია და გუშინ ამაზე ჩემს 33 წლის ქალიშვილს ვუთხარიო. ქალიშვილსაც არ გაკვირვებია ეს ფაქტიო. ამას ამბობდა არა მემარჯვენე ფუნდამენტალისტი აპოკალიპტური ჩვენებებით, არამედ პროგრესული, განათლებული აკადემიის წევრი ქალბატონი, რომელმაც საკუთარ 33 წლის შვილს პირდაპირ უთხრა, რომ 30 წელიწადში დედამიწაზე ცხოვრება აღარ იქნებაო. “თუ ატომური ომი არ მოხდა, მაშინ გლობალური დათბობა მოგვიღებს ბოლოს”, – დაამთავრა ჩემმა თანამოსაუბრემ. საკმაოდ პესიმისტური პროგნოზია.
თუმცა მე ვერ დავეთანხმები ბოლომდე ამ პატივცემულ ქალბატონს – მე ვფიქრობ, რომ არის შანსი, რომ პლანეტა შევინარჩუნოთ და ჩვენმა შვილებმაც 30 წელზე მეტხანს იცხოვრონ. ამას ცალკე აღებული „გონება“ ვერ შეძლებს – მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს სიყვარული ახლავს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია – გლობალური დათბობის და ბირთვული ომის კატასტროფების თავიდან აცილებაც, და უამრავი ძალადობის შეჩერებაც.
ამისათვის ჩვენ ერთმანეთის „მოყვასობა“ უნდა შევძლოთ – და თუ მტერიც მოყვასივით შევიყვარეთ, მაშინ ხომ არაფერია შეუძლებელი. ჩვენ მაგალითი წინ გვაქვს. თუკი ადამიანი საკუთარი მთლიანი არსებით შეძლებს მოყვასის განწყობის შექმნას და შენარჩუნებას, მაშინ ის დაძევს ამ ძალადობას პლანეტარული მასშტაბით. მარტივი სათქმელია და რთული გასაკეთებელი, რადგან სიყვარული ყოველდღიური და მძიმე შრომაა – „სხვისი“ ინტერესების საკუთარზე ზემოთ დაყენება ხომ ადამიანის მთავარი ცხოვრებისეული გამოწვევა და მისიაა. ირინა კალანდაძე კარგად გვართხილებდა, რომ „ნორმოზს“ არ უნდა დავმორჩილებოდით. დღეს ხომ ყვლანაირი უზნეობა და რაც მთავარია ეგოცენტრიზმი ითვლება ნორმალურად. ადამიანს დღეს ეს სტატიკური განწყობა არაფრად გამოადგება. საჭიროა „პარანორმოზი“. დიდი ფრანგი მოაზროვნეები ჟილ დელიოზი და ფელიქს გატარი სწორედ ამაზე წერენ თავის წიგნში „ანტი-ოიდიპოსი“ – ადამიანმა უნდა სძლიოს ბიოსფეროს საკუთარი შემოქმედებითი აზროვნებით და გრძნობადი სიყვარულის ფენომენით. დიდი შანსია ასეთ ადამიანს „შიზოფრენიკი“ უწოდონ თანამედროვე მშრალს ცივი-ლიზაციაში, მაგრამ დელიოზის და გატარის აზრით, სწორედ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ის საშინელი მდგომარებიდან, რომელშიაც დღეს მსოფლიოა.
თავისუფალი სიტყვა სწორედაც რომ შემოქმედებაზე დგას – და ის სიყვარულით იკვებება.
„მე ვარ შარლი“ – დღეს ყველა ვიმეორებთ – დიახ, ჩვენ ვართ შარლი – ეს შემოქმედი ადამიანების სახელია – არც შარლ აზნავურობას მოერიდება ადამიანი და არც ჩარლი ჩაპლინობას.
დიახ, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენს თავში საჭირო სიყვარულის რესურსი, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი უბედურებები – სიყვარულის და ნამდვილი შემოქმედების.
როგორც ჯონ ბარტონი ამბობდა: არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია! ვტირით ტერორიზმის ყველა მსხვერპლს და ვებრძვით ტერორიზმს სიყვარულით და შემოქმედებით. ეს არის ერთადერთი გზა. გზა სიკვდილის დამარცხებისა. რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ღმერთი შემოქმედია“

 წყარო: www.facebook.com

კომენტარები

სხვა სიახლეები