სასაკლაოსგან გადარჩენილი 400-ზე მეტი კატა — ვიეტნამში ცხოველებით მოვაჭრე ჯგუფი დააკავეს
ვიეტნამის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 400-ზე მეტი კატა გადაარჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, საკვებად უნდა გამოეყენებინათ. სამართალდამცველებმა ქალაქ ჰო ში მინში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც წლების განმავლობაში შინაურ ცხოველებს იპარავდა და მათ ხორცის ბაზარზე ყიდდა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 45 გალიაში მოთავსებული დაახლოებით 400 ცოცხალი კატა აღმოაჩინა. გარდა ამისა, ნაპოვნია ყინულში შენახული 80 უკვე დაღუპული ცხოველი, ხოლო სხვა ლოკაციიდან კიდევ 20-ზე მეტი კატა ამოიყვანეს. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა 500-ზე მეტი კატა ამოიღეს.
საქმეზე ცხრა პირია დაკავებული. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სამხრეთ ვიეტნამის სხვადასხვა რეგიონში კატებს იტაცებდნენ, აგროვებდნენ და შემდგომ ხორცის ბაზარზე ყიდდნენ. ჯგუფი, სავარაუდოდ, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
სამაშველო ოპერაციის შემდეგ ათეულობით კატა უკვე დაუბრუნდა საკუთარ პატრონებს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ცნობით, ზოგიერთმა მეპატრონემ დაკარგული შინაური ცხოველი რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ იპოვა.
თუმცა, ყველა ისტორია ბედნიერად არ დასრულებულა. მძიმე პირობების გამო გადარჩენილი ცხოველების ნაწილმა მიღებული ტრავმებისა და გაუწყლოების შედეგად სიცოცხლე ვეღარ შეინარჩუნა. ამჟამად ვეტერინარები და მოხალისეები გადარჩენილი კატების რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამში ძაღლისა და კატის ხორცის მოხმარება კანონით აკრძალული არ არის, მოვაჭრეებს ცხოველების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ. მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნებიც გააძლიერა.