ობიანი იოგურტი, მატლიანი სოსისი და ცხენის ხორცისაგან დამზადებული კერძები – რითი ვიკვებებით

ობიანი იოგურტი, მატლიანი სოსისი და ცხენის ხორცისაგან დამზადებული კერძები – ეს ჩვენი რეალობის ნაწილია

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ქალაქ ბათუმის კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობის სააგენტოს მუშაკებმა ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. შემოწმებული შვიდი კაფე-ბარიდან ორში კერძები ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. ორივე კაფე-ბარის მფლობელი 1000 ლარით დაჯარიმდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის განუკითხაობა და ქაოსი, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში სუფევდა. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში საქართველოში სურსათის კონტროლის საკითხი შედარებით გამოსწორდა. ამ სფეროში ერთნაირად აქტიურობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მომხმარებლის გამოფხიზლებაა.

“ჩვენს საქმიანობაში ბევრი რამ არის დამოკიდებული მომხმარებლის გაბედულებასა და აქტიურობაზე. სწორედ მან უნდა იმოქმედოს, როდესაც უხარისხო პროდუქტს შეიძენს”,- ამბობს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა, რომელსაც bpn.ge ესაუბრა.

– ალბათ, ძალიან ბევრი შემთხვევა გახსოვთ, როდესაც სავაჭრო ქსელში მავნებელი და სიცოცხლისათვის საშიში პროდუქცია აღმოგიჩენიათ…
– მე მხოლოდ უახლოეს პერიოდში მომხდარ ფაქტებს ჩამოგითვლით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სფეროში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი: 2015 წლის 7 მაისს ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა მომხმარებელი და გვთხოვა კაკაოს ფხვნილის შემოწმება, რომელიც ვაკეში, ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა. ქალბატონი ეჭვობდა, რომ ამ ფხვნილისგან ოჯახში დამზადებულმა ნამცხვარმა ის და მისი შვილი მოწამლა. მომხმარებელმა ფხვნილი 80-გრამიანი შეფუთვით შეიძინა. შეფუთვაზე დამზადების თარიღად 2015 წლის მარტია მითითებული, ასე რომ, ვარგისიანობის ვადა პროდუქტს გასული არ ჰქონდა. 2015 წლის 8 მაისს მივედით მის მიერ მითითებულ მაღაზიაში და შევიძინეთ კაკაოს ფხვნილი, რომელიც ლაბორატორიას ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ფხვნილში ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა, მაგრამ რადგანაც პროდუქტი ჰერმეტულად იყო დახურული, ის სავარაუდოდ, საწარმოში დაზიანდა. ასე რომ, ამ შემთხვევაში მაღაზიის ბრალეულობა გამოირიცხა.

2015 წლის 2 აპრილს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოთქვა პრეტენზია, რომ მან ისანში მდებარე მაღაზიაში საეჭვო ხარისხის ქათამი შეიძინა და მისი შემოწმება გვთხოვა. მომხმარებლის განმარტებით, ნაყიდი ქათამი შეფუთვის გახნისთანავე დაიშალა. ჩვენ ეს პროდუქტი შესამოწმებლად ლაბორატორიას გადავუგზავნეთ. მიღებული პასუხის მიხედვით, ქათამში ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები და ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოჩნდა. ჩვენი ჩარევის შემდეგ მაღაზიამ ეს პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო ანუ მომხმარებლის და ჩვენმა ერთობლივმა აქტიურობამ სასურველი შედეგი მოგვცა.

უფრო ადრე, 2015 წლის 24 თებერვალს, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ მათივე საცხობში გამომცხვარი ნამცხვარი შუ, რომელიც გამოსაკვლევად ლაბორატორიას ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ნამცხვარში კოლიფორმები აღმოჩნდა. მსგავსი ფაქტების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება… ასეთი შემთხვევების შემდეგ ჩვენ ხშირად ვგზავნით წერილებს სურსათის ეროვნულ სააგენტოში – იმედი გვაქვს, რომ სააგენტო საეჭვო ხარისხის სურსათის სხვა პარტიებსაც გადაამოწმებს და ერთობლივი ძალისხმევით ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის ქსელში მოხვედრა გამოირიცხება.

– სახედრის და ცხენის ხორცთან თუ გქონიათ შეხება?
– ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც დაუმუშავებელ, უმ ხორცს ამოწმებს, არის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო. ეს ყველაზე ძვირი ლაბორატორიაა, ამიტომ, ამ ტიპის დარღვევების აღმოჩენა სახელმწიფო უწყებების პრეროგატივაა. ჩვენ ვამოწმებთ პროდუქტს, მაგრამ პროდუქტს არ ეტყობა, ცხენის ხორცისგან არის დამზადებული, თუ სხვა რამისაგან. სახელმწიფო სამსახური კი დოკუმენტაციას ამოწმებს, ამიტომ ეს საკითხი მათთვის უფრო ადვილი გასარკვევია. მოკლედ, მსგავსი დარღვევების აღმოჩენა საჯარო უწყების მიერ გაცილებით იოლია.

– რა სირთულე ახლავს თან თქვენს საქმიანობას?
– როდესაც პროდუქტი უხარისხოა, მომხმარებელი ჯერ მაღაზიაში მიდის. მაღაზია კი ცდილობს დაზიანებული სურსათი ქსელიდან ამოიღოს. ამიტომ, ჩვენ ამ პროდუქტის ნახვის შანსი იშვიათად გვაქვს ხოლმე. ამ რამდენიმე თვის წინ იყო შემთხვევა, როცა მომხმარებელმა მატლიანი სოსისის ფოტოები გამოგვიგზავნა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს საიტზეც გამოაქვეყნა და სოციალური ქსელითაც, მაგრამ იმ მაღაზიაში რომ მივედით, დაზიანებული სოსისი არ დაგვხვედრია. ასეთ დროს ძნელია რაიმე ამტკიცო. იყო საჩივრები ობიანი იოგურტისა და ამჟავებული რძის პროდუქტების შესახებ. მომხმარებელს ქვა, თმა, ძაფი და მწერიც კი აღმოუჩენია გამომცხვარ პროდუქტებში, მაგრამ როდესაც მაღაზიას მივაკითხავთ, შესამოწმებლად სხვა ნიმუშების შეძენა გვიწევს და ასეთი დაზიანების აღმოჩენის შანსი ნაკლებად გვაქვს. მხოლოდ ერთხელ მოვასწარით და ჭიანი შოკოლადის მთელი პარტია შევისყიდეთ. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა გაფუჭებული თევზის გამო მოგვმართა. ჩვენ კი მივუსწარით და ეს ფაქტიც დავაფიქსირეთ, მაგრამ მერე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უარყო: სააგენტოს წარმომადგენლები შემოწმებაზე რომ მივიდნენ, დაზიანებული პროდუქცია მაღაზიაში აღარ დახვდათ. ამიტომ, ძალიან რთულია ასეთი ფაქტების დაფიქსირება, მაგრამ თავისთავად კარგია, რომ მაღაზიები ძალიან სწრაფად რეაგირებენ საჩივარზე. გარდა ამისა, კიდევ არის ერთი, ყველაზე მძიმე დაბრკოლება ჩვენთვის…

– მაინც, რა დაბრკოლებას გულისხმობთ?
– ეს დაბრკოლება მომხმარებლის გულგრილობა და დუმილია. ჩვენ ახლახან ჩავატარეთ სოციალური კვლევა, რომლის შედეგებიც ამ დღეებში გამოქვეყნდება და ბევრს გააკვირვებს: ერთ-ერთი საინტერესო პუნქტი ამ კვლევაში შემდეგია – მომხმარებლები ამბობენ, რომ მათ ძალიან ხშირად ხვდებათ დარღვევები სასურსათო მაღაზიებში, მაგრამ ცოტა თუ იღებს ხმას ამის გამო. თუმცა, ვინც პრეტენზია გამოთქვა, აღიარებს, რომ მათი პრეტენზია გაითვალისწინეს და უხარისხო სურსათი დახლიდან მაშინვე მოაშორეს. საოცარია, თუ მდგომარეობის გამოსაწორებლად მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი შენიშვნაც საკმარისია, რისი გვერიდება და გვეშინია?! როგორც კი ასეთ დარღვევას აღმოაჩენს, თუ მაღაზიაში არ მოუსმენენ, მომხმარებელმა მაშინვე უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა ბევრი მათგანი ჩვენთან ურთიერთობას ამჯობინებს. ჩვენთან ურთიერთობა იოლია იმიტომ, რომ ანონიმურობას ვიცავთ. ვისაც თავისი სახელისა და გვარის დასახელება არ უნდა, ისინი მოგვმართავენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო გაბედულები უნდა გავხდეთ. არ უნდა გვეშინოდეს თუნდაც იმიტომ, რომ სხვა მომხმარებელი აღარ აღმოჩნდეს ჩვენს მდგომარეობაში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თბილისში შედარებით უფრო გამოსწორდა მდგომარეობა, რეგიონებში ამ მხრივ კვლავ რთული სიტუაციაა.

წყარო: http://www.bpn.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები