საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული გაზეთების პუბლიკაციებიდან კვლავ საინტერესო ამბებს მოგითხრობთ, ამჯერად იმჟამინდელი საზღვარგარეთული ცხოვრების შესახებ. დღეს ქალთა უფლებების წარმოჩენა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წამყვანი როლი არავისთვისაა უცხო, XIX საუკუნის მიწურულისთვის კი ქალები, უმეტესწილად – უცხოელები, ნელ-ნელა იკვლევდნენ გზას და ჩნდებოდნენ საზოგადო ასპარეზზე, ნელ-ნელა აცლიდნენ მამაკაცებს თანამდებობებს და საქმეს.
1897 წლის იანვრის გაზეთი “ცნობის ფურცელი” ქართველ საზოგადოებას საზღვარგარეთ მცხოვრებ “ქალთა მეფობის” ამბავს აუწყებს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იმ კონკრეტულ ადგილას ამორძალების შთამომავლებს დაუდევთ ბინა: “ამჟამად ამერიკის ერთს შტატში, მისისიპში ორს დიდს ქალაქს დეკატურსა და მარკელუგში ქალებს უჭირავთ ყველა საზოგადო ადგილები. უფროსი ექიმი ქალია, საუკეთესო და მჭევრმეტყველი მქადაგებელი ქალია, ქალაქის თავი ქალია, უმთავრეს სავაჭრო სახლების და რესტორნების გამგებელნიც ქალებია. ქალები ჰკერავენ ფეხსაცმელებს, ტანისამოსებს, ქალებია მხატვრები, ქალები ვაჭრობენ, ქალები დალალობენ და ქალივეა ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულების უფროსი და მოხელეებიც ხომ ქალები არიან”…
როგორც ჩანს, სტატიების სენსაციურად დასათაურება იმჟამინდელ პრესაშიც უყვარდათ. მეორე ამბის სათაური ერთი შეხედვით, შეცდომაშიც შეგიყვანთ – იფიქრებთ, უეჭველად მუსლიმან ველოსიპედისტებზეა მოთხრობილიო, მაგრამ ნურას უკაცრავად: “ნიღაბ ჩამოფარებული ქალები ველოსიპედზე” მამაკაცებს სულაც არ არიდებენ სახეს და არც ირცხვენენ, ამ სახით სეირნობის მიზეზი ის გახლავთ, რომ “პარიზის ტურფა ქალებს ეშინიათ პირის კანი არ დაგვისკდეს და არ გაგვიფუჭდეს ქარისაგანო. პარიზის ფრანტებს ახალი საქმე გამოუჩნდათ. ხუმრობა ხომ არ არის იმის გაგება, ლამაზია თუ არა ნიღაბ ჩამოფარებული ქალი, რომელიც ველოსიპედით მისრიალებს”…
შემდეგი ცხელ-ცხელი ამბავი კი ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანს – “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” და კაპიტან ნემოს “ნაუტილიუსს”გაგახსენებთ, მით უფრო, რომ სწორედ ამ რომანის დაწერიდან სულ რაღაც 20 წელიწადში მოხდა: “საკვირველი გემი კეთდება ამჟამად ამერიკაში. გემი წყლის ქვეშ ივლის თურმე. როცა საჭირო იქნება, წყალს
ზევითაც ივლის, როგორც სხვა ყველა გემები. გემზედ ჯოჯოხეთის მანქანაც იქნება მტრის გემების ასაფეთქებლად”…
იმავე წლის კიდევ ერთ “ცნობის ფურცელში” გვიამბობენ საფრანგეთის მეფის – ლუი მეცამეტეს დიდ სიყვარულსა და “ძაღლების კაპიტანზე”: “ლუი მეცამეტეს ძლიერ უყვარდა ფინიები და ძლიერ ბევრიც ჰყავდა სახლში. ძაღლებს ყურს უგდებდნენ ოთხი მოსამსახურე და ერთი კაპიტანი, რომელსაც წელიწადში ექვსი ათას მანათზე მეტი ჯამაგირი ეძლეოდა. ასეთივე კაპიტანი ჰყავდა მეფე ლუი მეთოთხმეტესაც. 1786 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი კაპიტანი ძაღლებისა დე ვასონი და მის შემდეგ ეს საპატიო თანამდებობა მოისპო”…
1912 წლის ყოველკვირეული ჟურნალ “კლდის” მეთერთმეტე ნომერში კი ქათმის მეხსიერებაზე ვკითხულობთ: “ერთი ცნობილი ინგლისელი მექათმე ქალი, სარა ურიკსონი, ამტკიცებს, რომ ყველა ქათამი სწორედ დღის იმ საათსა და წუთზე სდებს კვერცხებს, რომელზედაც თითონ გამოიჩეკა კვერცხიდანაო. გამოცანა: ვისი მეხსიერება უფრო უკეთესია: ქათმისა თუ ერიკსონისა?”
“გაჰყეთ ცოლებათ მაღლებსა და სრულებს!” – ამ მოწოდების ავტორი კი სახელმოხვეჭილი მდიდარი ამერიკელი ქალია, რომელიც ქალებს ურჩევს, “გაჰყვნენ მხოლოდ მაღალ და სრულ კაცებს, პატარა და გამხდარი კაცები ყოველთვის ცუდი ქმრები დგებიან: ანჩხლები, მიზეზიანი და მოღალატენი არიან, სამაგიეროდ, მაღლები და სრულები კეთილი და სულგრძელებიო”…
ეყარო: ამბები.ჯი