CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მედიამაგნატი და ტელეკომპანია CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია და თავად CNN ავრცელებს.

ტერნერი თანამედროვე სატელევიზიო მედიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. 1980 წელს მან მსოფლიოში პირველი 24-საათიანი საინფორმაციო არხი — CNN შექმნა, რომელმაც სატელევიზიო ჟურნალისტიკის ფორმატი მნიშვნელოვნად შეცვალა.

მისი მედიაიმპერია მოგვიანებით მოიცავდა არხებს TBS, TNT, Cartoon Network-სა და სხვა მსხვილ პროექტებს. ტერნერი ასევე ფლობდა სპორტულ კლუბებს — Atlanta Braves-სა და Atlanta Hawks-ს.

ბიზნესმენმა 2018 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ დემენცია ჰქონდა დიაგნოზირებული. ამერიკული მედიის ცნობით, ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა.

ტედ ტერნერის პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. 1991-2001 წლებში იგი ოსკაროსან მსახიობზე, ჯეინ ფონდაზე იყო დაქორწინებული. მიუხედავად განქორწინებისა, ფონდა მოგვიანებით ტერნერს საკუთარ „საყვარელ ყოფილ ქმარს“ უწოდებდა.

ტერნერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ოფიციალურად არ სახელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები