პოპ-მუსიკის ლეგენდის, მაიკლ ჯექსონი გარშემო სკანდალი კვლავ განახლდა — ამჯერად ბრალდებებით მისი ე.წ მეორე ოჯახი გამოდის.
„მეორე ოჯახად“ ცნობილი კაშიოს ოჯახი (Cascio family) ნიუ-ჯერსიდან წლების განმავლობაში ჯექსონის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა — ისინი მასთან მეგობრობდნენ, ხშირად მასპინძლობდნენ საკუთარ სახლში და თავადაც აცხადებდნენ, რომ მომღერალთან ოჯახური, განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ.
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიდან სამი ძმა და ერთი და ამტკიცებენ, რომ წლების განმავლობაში ჯექსონის მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მათი განცხადებით, ამ ქმედებებს მუსიკოსის გარემოცვაც „თვალს ხუჭავდა“ და ზოგ შემთხვევაში ხელს უწყობდა კიდეც.
სარჩელი ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი. საქმე განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბრალდების მხარემ ვრცელი ინტერვიუ მისცა The New York Times-ს — სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბიოგრაფიული ფილმის „მაიკლ“-ის ჩვენებაც.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ძალადობა ხდებოდა როგორც ტურნეების დროს, ისე მათივე სახლში, სადაც, მათი თქმით, ჯექსონი შვილებთან ერთად სტუმრობდა. სარჩელში ასევე საუბარია იმაზე, რომ მომღერლის გარდაცვალების შემდეგაც, მისი მემკვიდრეების მხრიდან ოჯახზე სამართლებრივი ზეწოლა გრძელდებოდა.
მოპასუხეთა შორის დასახელებულია ჯექსონის ფონდი, მისი იურისტები — ჯონ ბრანკა და ჯონ მაკლეინი — ასევე კერძო დეტექტივი ჰერმან ვაისბერგი. სარჩელის მიხედვით, ისინი ოჯახთან ურთიერთობაში თავს ისე წარადგენდნენ, თითქოს მათ ინტერესებს იცავდნენ.
ჯექსონის მემკვიდრეების წარმომადგენლებმა ბრალდებებს უკვე მკვეთრად უპასუხეს — მათი შეფასებით, საქმე „ფულის გამოძალვის მცდელობასა“ და „შანტაჟს“ წარმოადგენს. ისინი ამტკიცებენ, რომ თავად ეს ოჯახი წარსულში ფინანსურ კომპენსაციას ითხოვდა ბრალდებების არგავრცელების სანაცვლოდ.
საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში იგივე ოჯახი საჯაროდ იცავდა ჯექსონს — მათ შორის, ოპრა უინფრის შოუშიც და საკუთარ თავს მომღერლის „მეორე ოჯახად“ მოიხსენიებდა.
საქმე ახლა სასამართლოს განსახილველია — და როგორც ჩანს, პოპის მეფის ირგვლივ ახალი სკანდალი ღვივდება.