შექსპირის “დაკარგული სახლი” ლონდონში იპოვეს

ლონდონში, King’s College London-ის მკვლევრებმა უილიამ შექსპირის სახლის ზუსტი მდებარეობა დაადგინეს — შენობა, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.

კვლევის შედეგები გამოცემაში Times Literary Supplement გამოქვეყნდა. აღმოჩენის ავტორია პროფესორი ლუსი მონრო, რომელმაც მანამდე უცნობ საარქივო დოკუმენტებს მიაკვლია. მათ შორის არის 1668 წლის გეგმა, რომელიც შედგენილია დიდი ლონდონის ხანძრის შემდეგ და რომელმაც მკვლევრებს სახლის მდებარეობის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობა მისცა.

როგორც ირკვევა, შექსპირის მიერ 1613 წელს შეძენილი სახლი მდებარეობდა ბლექფრაიარსის უბანში, დღევანდელი სენტ-ენდრიუს ჰილის ქუჩაზე, იქ, სადაც ახლა მემორიალური დაფაა განთავსებული. შენობა საკმაოდ ფართო იყო — დაახლოებით 14 მეტრი სიგრძის — და XVII საუკუნის შუა პერიოდში ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

მკვლევართა შეფასებით, ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს შექსპირმა სახლის შეძენიდან მალევე საბოლოოდ დატოვა ლონდონი და სტრატფორდ-აპონ-ევონში დაბრუნდა.

მიმდებარედ მდებარეობდა ყოფილი მონასტრის გადაკეთებული ნაგებობები და, სავარაუდოდ, ტავერნა „მამლის ნიშანი“. აღსანიშნავია, რომ იმავე ადგილას დღესაც ფუნქციონირებს პაბი „მამალი“.

სახლის საკუთრება შექსპირის ოჯახს 1665 წლამდე ეკუთვნოდა. მოგვიანებით ის მისი შვილიშვილის მიერ გაიყიდა, ხოლო უკვე ერთ წელიწადში — 1666 წელს — შენობა დიდ ხანძარს შეეწირა.

კომენტარები

სხვა სიახლეები