“შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება” – ლანა ღოღობერიძის ემოციური წერილი ნიკოლოზ წულუკიძეს
რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ნიკოლოზ წულუკიძეს პატარა კიტას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
“ჩემო ნიკა, თბილისში არ ვარ და ამიტომ ვერ გნახე. მინდა როგორღაც გითხრა, რომ შენს გვერდით ვარ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ. შენ ისეთი რამ დაგემართა, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება – ადამიანმა შვილი არ უნდა დაიტიროს. ამიტომ ამ დროს ნუგეშის სიტყვებიც არ არსებობს.და მაინც ვცდილობ მოვძებნო რაღაც, რაც შემიძლია გითხრა…
ალბათ უბრალოდ იმისთვის, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო შენ მიმართ, იქნებ ეს იყოს სითბოს ერთი წვეთი შენს უსასრულო სასოწარკვეთაში. შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ და იმდენი ადამიანია გარშემო, ვისაც ნამდვილად სჭირდები. მარტო ახლობლებს არ ვგულისხმობ.
მე ჩემი თვალით მინახავს ისინი, ვისაც შენ ასაკით თუ უმწეობით მოგვრილი მარტოობის განცდა შეუმსუბუქე. თანაც მაშინ, როცა ამას თითქოს არაფერი არ გავალდებულებდა შენი ბუნებრივი მოთხოვნილების გარდა. ჰოდა, ცხოვრება გრძელდება, და იმათ, ვისაც უჭირს, შენ ისევ სჭირდები. ეს ადგილი შენ თვითონ მოიპოვე ცხოვრებაში, კაცთა შორის. შენი გახსნილობა, სხვისი ტკივილის გაგების უნარი, შენი გულწრფელობა, შენი იმედიანი ღიმილი…ეს ყველაფერი ისეთი იშვიათობაა დღეს და ისე გვჭირდება ყველას, ყველას!
იმასაც კი, ვისაც ეს გააზრებულიც არა აქვს. ვინც თვითონ არის გაბოროტებული და გარშემო ყველა მტრად მიაჩნია.ვწერდი ამ წერილს და ყოველი სიტყვა ისე უსუსურად მეჩვენებოდა… იმ ტკივილთან შედარებით, რასაც შენ და შენი ოჯახი განიცდით. და მაინც, გულწრფელ სიტყვას ყოველთვის აქვს აზრი. მას შეუძლია დაგანახოს შენი განცდა საერთო კონტექსტში. ეს კონტექსტი კი გულისხმობს, რომ ცხოვრება ხშირად არის უსამართლო და უაზროდ ულმობელი.და მე მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ შენნაირ ადამიანს ეს გაუსაძლისი უსამართლობაც ვერ დათრგუნავს.
შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში. და პირიქით, ეს მართლაც უსასრულო ტანჯვა კიდევ უფრო გააღრმავებს შენს თანაგრძნობას ადამიანთა მიმართ.ჩემო ნიკა, მიგულე შენს გვერდით”, – წერს ლანა ღოღობერიძე.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.