ლევან გაგნიძე: „აუცილებლად უნდა ავიცრათ, სხვანაირად პანდემია არ დასრულდება“

ვეტერანი მოკრივე, დამსახურებული მწვრთნელი ლევან გაგნიძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც ის აღნიშნავს, სხვაგვარად პანდემია არ დასრულდება.

“მე თავად ვაქცინირებული ვარ. თუ ადამიანები არ აიცრებიან, არ დასრულდება პანდემია. ვინც აცრილია, იოლად გადააქვს ვირუსი. ვინც არ არის აცრილი, მას ხშირად ურთულდება. ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ახლა ქუთაისში, ჩვენი კოლეგა. გაურთულდა კორონავირუსი და ვერ გადარჩა. ვფიქრობ, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი უნდა იცრებოდეს, რადგან მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ და, დაინფიცირების შემთხვევაში, რთულად გადააქვთ ვირუსი, ვერ გამოდიან მდგომარეობიდან.
ახლა კიდევ, ამ ვირუსის ახალ-ახალი ვარიანტები ჩნდება, თუ არ ავიცრებით, არაფერი გამოვა, ექიმებიც ამას გვეუბნებიან”,- ამბობს ლევან გაგნიძე.

კრივის მწვრთნელი, აცხადებს, რომ კოვიდპანდემია სპორტს განვითარებაში ხელს უშლის.

“ეს პანდემია სპორტს ძალიან უშლის ხელს. ჩვენი ერთ-ერთი სპორტსმენი ოლიმპიადიდან ჩამოვიდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, ემზადებოდა და ჩემპიონატის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ნახევარი გუნდი კოვიდით დაინფიცირდა. მსგავსი შემთხვევა ბევრი იყო. ეს ძალიან ურთულებს სპორტს საქმეს”,- აღნიშნავს მწვრთნელი.

ლევან გაგნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციასთან ერთად, მოქალაქეებმა რეგულაციებიც დაიცვან, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება.

„ყველაფრის მიუხედავად, ხალხს კიდევ არ ესმის რაღაცები. მე, მაგალითად, ყოველდღე დავდივარ, ავტობუსით, მეტროთი და ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ უპირბადეოდ არ მენახოს ვინმე. ნიკაპზე აქვთ ჩამოწეული პირბადე, ეტყვი რამეს, შენიშვნას მისცემ და შენ ხომ გიკეთიაო – გეტყვიან. არაფერი ესმით. არც ვაქცინა უნდა ხალხს და არც პირბადის გაკეთება.

მოვუწოდებ ყველას, აიცრან. სხვანაირად, ასე მარტივად არ გაივლის ეს ვირუსი “,- ამბობს გაგნიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები