,,ცხოვრების ეტაპები სიმღერებად და უწონობა, რომელიც მსუბუქი არ არის…”-ნანა მესხი

მეგობრის თხოვნით, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, სტუმრად წავედით ერთ მუსიკოს ქალბატონთან. ჩემ გაუხუნარ ოცნებას – მეხატა და მემღერა, ვიცოდი ახდენა არ ეწერა, ამიტომ ყოველთვის კეთილად მშურდა ქალი მხატვრებისა და მუსიკოსებისა. ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა მათი ცხოვრება. გარეთ ძალიან ცივი ზამთარი იყო, თოვლიც არსად ჩანდა, რომ ცოტა რომანტიზმით მაინც გაეთბო ზამთრის ეს საღამო. კარი მართლაც, მშვენიერმა ქალბატონმა გაგვიღო, სახეზე რაღაც სიახლისა და მოულოდნელის ღიმილი დასთამაშებდა. გულში ის გავიფიქრე, რაც თქვა: ,,უცხო სტუმარი – საინტერესოა“… უკვე ვიცოდი, მეც რაღაც განსხვავებული საღამო მელოდა.
მაგიდის გვერდზე, რომელიც ტკბილეულით იყო სავსე და მზერას ჩუმად ვაპარებდი, ორი გიტარა შევნიშნე. ერთი, შავი ელექტო გიტარა, მეორე – აკუსტიკური, როგორც შემდეგ გაირკვა, მამის ნაჩუქარი…
წინადადება დასრულებული არ მქონდა, თითქოს მის თვალებში სკანირებულად აისხა ჩემს გულში გავლებული სურვილი. გიტარას დასწვდა – აიღო… ოთახს მართლაც საოცარი აკუსტიკა ჰქონდა; ჰარმონიულმა ჰანგებმა შთანთქა მოულოდნელი სიჩუმე.
,,დამეკარგა ოცნება, ცისა ფერია, უშენობა, იცოდე, მართლა ძნელია….“ ჰანგების ფონზე ფიქრები დაუკითხავად გაფრინდნენ იმ დროში, როცა ისიც კი არ ვიცოდი, ვინ იყო ამ სიმღერის შემოქმედი.
ქალბატონი ნანა მესხი – კომპოზიტორი, პროფესიონალი სოლო-გიტარისტი, 500-მდე სიმღერის ავტორი, მომღერალი, მხიარული და ძალიან მგრძნობიარე ქალბატონი. საუბარი დავიწყეთ და უკვე ცხადად ვიცოდი, შეიძლება აქედან დილამდე ვერ წავსულიყავი. არც თავად იყო სიტყვაძუნწი, პირიქით, მიამბობდა ამბებს ძალიან რომანტიკულად, რისი სიტყვებით გადმოცემაც არ უღირდა, გიტარას სთხოვდა დახმარებას და მიმღეროდა. ეს ის წუთებია, როცა თავს შენც ბედნიერად გრძნობ და ისიც, ვისთანაც საუბრობ.
-ქალბატონო ნანა, ვის ,,დაეძებთ მინდორ-ველად?“ – /ღიმილნარევი და ეჭვიანი მზერა არ მოვაცილე/ უკვე 30 წელს ითვლის ეს სიმღერა, რომელიც გაუხუნარ ჰანგებად იქცა თქვენი ერთგული მსმენელისთვის…
-ჩემი ცხოვრება სულ სავსეა სიყვარულით, სიყვარულზე ვარ შეყვარებული, ეს სიმღერა ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავწერე სპეციალურად ტრიო „თბილისისთვის“ და დღესაც საოცრად აქტუალურია. ხშირად მეუბნებიან, რომ ხალხურიც კი ეგონათ და ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს…
-არ მინდა ახლა გულთმისანივით გამომივიდეს, მაგრამ სიმღერა, რომელსაც ხშირად ღიღინებთ, არის ,,არადა როგორ მენატრები… თუ ჩემსავით გულის უფსკრულებს წვდება ეს სიტყვები და მუსიკა, მაშინ უდავოდ თქვენ უფრო უნდა გაღელვებდეთ? რატომ?
-ეს სიმღერა ჩემი ცხოვრების ერთ კონკრეტულ ეტაპს და პიროვნებას მიეძღვნა, თუმცა ზოგადად, ცხოვრების კრედოდ ჩამოყალიბდა… ძალიან ხშირად გვენატრება ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძვირფასები არიან ჩვენთვის… ისე ლაგდება ცხოვრება, რომ არიან კიდეც გვერდით და არც არიან… მოკლედ, დიდი ფილოსოფიაა ცხოვრება და ძალიან რთული, თუმცა ძალიან საინტერესო და უნდა იცხოვრო მასშტაბურად, ფერადად, ყოველწამიერად და სიყვარულით!
-ერთია დაწერო მუსიკა სიმღერისთვის, მაგრამ დაწერო ლექსიც და მუსიკაც, ეს ნიშნავს უდიდეს ინსპირაციას…
-თავისით იწერება, რაც იწერება…არასოდეს დამიძალებია საკუთარი თავისთვის რამის დაწერა…იწერება ლაღად, სწრაფად და იცი, როგორი სიმსუბუქის განცდა მოაქვს? ვერც კი შეადარებ სხვა ვერანაირ სიამოვნებას! სრული ნეტარება და უწონობაა…
-,,შექმნა ქალაქური სიმღერა – ნიშნავს, ბეწვის ხიდზე გაიარო“, რადგან ეს ჟანრი ძალიან სათუთი და მგრძნობიარეა. არ უნდა მოგივიდეს არც ზედმეტი და არც დააკლო რამე. რთული არაა ამგვარ ,,ბეწვის ხიდზე“ სიარული?
-ურთულესია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მგონი გამომდის…ამას ის სიყვარული და აღიარება მოწმობს, რაც ჩემს სიმღერებს აქვს…ბედნიერი ვარ! ნებისმიერი არასწორი ინტონაცია, ფერი მელოდიაში და სიმღერა კარგავს ქალაქურობას. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება და სულ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გენიალური კომპოზიტორების მიერ შექმნილი შედევრები!
-როგორ უთავსებთ ერთმანეთს საჯარო სამსახურსა და მუსიკას?
-ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ვმუშაობ. სამსახური ჩემი სიამაყეა! ვამაყობ იმ პროფესიონალების გუნდით, ვისთანაც ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა! ვამაყობ, რომ შემოსავლების სამსახურის მაგარი გუნდის წევრი ვარ! გინდა, გასწავლო მარტივი ტესტი, როგორ განასხვავო პროფესიონალი არაფრისმცოდდე ნარცისისგან? (იცინის) პროფესიონალი ყოველთვის გისმენს და სულ მზად არის, გასწავლოს რამე, თან ამას ჩუმად, უპრეტენზიოდ აკეთებს, დანარჩენს შენც ხვდები…
-ვიცი, რომ ძალიან ერთგული ხართ თქვენი მსმენელის. რეგიონულ ტურნესთვისაც ემზადებით. უკვე იყო ბათუმი, ქუთაისი … ამჯერად, სად გელოდებიან?
-ორ ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქს მინდა ვესტუმრო ჩემს მეგობრებთან ერთად და საავტორო საღამო ჩავატარო. მალე გავახმაურებ დეტალებს…
-სიმღერა, რომელიც გამორჩეულად გიყვართ თქვენი რეპერტუარიდან და რატომ?
-„ფარვანა“ (იგივე „ძველი სევდა“) , რომელიც პირველად განუმეორებელმა ნუგზარ აფხაიძემ (ტრიო „თბილისი’) ააჟღერა თავისი უნიკალური ხმით და შესრულების მანერით. სხვათაშორის, ნუგზარი დედას სტუდენტი იყო და დედა – ლუიზა ფრანგიშვილი მისი დიდი გულშემატკივარი იყო, რადგან თავადაც არაჩვეულებრივად მღეროდა…
-რამე ახალ სიმღერას ხომ არ ჰპირდებით ერთგულ მსმენელს?
-ორი პრემიერა მაქვს: ჩემი მეგობრები, ნიჭიერები და გამორჩეულები… მსახიობები – ჩემი თამარა მაყაშვილი და ჯანო იზორია…მათ დავუწერე სიმღერები…-
-წარმატებები ქალბატონო ნანა!
მე ვცადე, ჩემი ოცნებაც ნაწილობრივ ამესრულებინა და თქვენთვის სიტყვებით დამეხატა კომპოზიტორი ნანა მესხი. დავწერე ის, რაც ვიგრძენი, რაც დავინახე. მოვინდომე დაგენახათ ამ ქალბატონის დამალული და დაფარული ,,ნაკვთები“, რომელიც ასე საინტერესოა შემოქმედის ცხოვრებაში. არ ვიცი შევძელი თუ არა – ეს თქვენ შეაფასეთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები