შაკირამ ბრაზილიაში უფასო კონცერტზე 2 მილიონი მსმენელი შეკრიბა (ვიდეო)

კოლუმბიელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა შაკირამ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე გამართულ უფასო კონცერტზე დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი შეკრიბა.

მედიის ცნობით, ის გახდა მესამე არტისტი ისტორიაში, რომელმაც კოპაკაბანაზე უფასო კონცერტით სრული ანშლაგი შეაგროვა — მადონას (2024) და ლედი გაგას (2025) შემდეგ.

კონცერტი ღია ცის ქვეშ, სავსე მთვარის შუქზე გაიმართა და ერთ საათზე მეტი დაგვიანებით დაიწყო. სცენასთან ახლოს ადგილის დასაკავებლად გულშემატკივრების ნაწილი კოპაკაბანას სანაპიროზე 1 მაისის საღამოდანვე დარჩა. მათთვის, ვინც ადრე მივიდა, სპეციალურად მოეწყო ღია რეპეტიცია, რომელშიც ბრაზილიელმა მუსიკოსებმა — კაეტანუ ველოზუმ და მარია ბეტანიამ მიიღეს მონაწილეობა.

შაკირამ სცენაზე თავისი მთავარი ჰიტები შეასრულა, ხოლო შოუს ვიზუალური ნაწილი დრონების შთამბეჭდავი წარმოდგენით გაფორმდა — ცაში „მგლის“ ფიგურა გამოისახა, რაც მომღერლის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა.

მომღერალი ბრაზილიის ხშირი სტუმარია. მისი ტურნე Las Mujeres Ya No Lloran („ქალები აღარ ტირიან“) უკვე მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე შემოსავლიანი ტურნე ლათინოამერიკელ შემსრულებლებს შორის.

კონცერტის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ეპიზოდად იქცა ესპანელი ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს მისამართით სკანდირება — ასობით ათასი ადამიანი რიტმულად გაყვიროდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს. ეს უკავშირდება შაკირასა და პიკეს გახმაურებულ დაშორებას: მომღერალი საჯაროდ ადანაშაულებდა ფეხბურთელს ღალატში, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სოციალური ქსელების აქტიურ განხილვის თემად იქცა.

ღონისძიებისთვის ქალაქი რამდენიმე დღე ემზადებოდა: ქუჩებში განთავსდა აფიშები, ხოლო მოვაჭრეებმა სპეციალურად შექმნილი სუვენირები — ე.წ. „შაკირას ცრემლები“ — გაყიდვაში ჩაუშვეს, რაც მომღერლის ტურნეს სახელწოდებას უკავშირდება. უსაფრთხოების ზომებიც მნიშვნელოვნად გამკაცრდა: რიო-დე-ჟანეიროში თითქმის 8 ათასი პოლიციელი მორიგეობდა, გამოიყენებოდა დრონები და სახის ამომცნობი კამერები, ასევე ფუნქციონირებდა 18 საკონტროლო პუნქტი მეტალოდეტექტორებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები