გერმანიაში, სადაც გასულ უქმეებზე ანომალიური სიცხე დაფიქსირდა, მხოლოდ სამ დღეში ცურვისას 26 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის სიცოცხლის გადამრჩენელთა ასოციაციამ (DLRG) განაცხადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სტატისტიკა პარასკევიდან კვირის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დაღუპულებს შორის არიან ისინიც, რომლებიც თავდაპირველად უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი ცხედრები წყალში იპოვეს. ამავე პერიოდში მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 15 წლის მოზარდი კარიერულ ტბაში წყალში გადახტომისას მძიმედ დაშავდა.
DLRG-ის პრეზიდენტის, უტე ფოგტის განცხადებით, მსგავსი ტრაგედიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებაა. მისი თქმით, ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, ხშირად დაუფიქრებლად შედიან წყალში და საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე დაღუპული 26-ვე ადამიანი მამაკაცი ან არასრულწლოვანი ბიჭი იყო. გასული წლის სტატისტიკაც იმავე ტენდენციას აჩვენებს — 2025 წელს გერმანიაში წყალში დაღუპულთა 82% მამაკაცები იყვნენ.
ტრაგიკული შემთხვევები უკიდურესად მაღალი ტემპერატურის ფონზე მოხდა. კვირას, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ბერლინის მახლობლად, ჰაერის ტემპერატურამ 41,7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მაშველები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიცხის დროს მდინარეებში, ტბებსა და სხვა ღია წყალსატევებში ბანაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასონ.