„ჩემი ქალაქი კარგი ადამიანების ხელშია“ – გორში საპატრულო ეკიპაჟმა მოხუც ქალს პირველადი დახმარება გაუწია

პატრულის თანამშრომლებმა მოხუცი ქალი მანამდე არ დატოვეს, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში არ გადაიყვანა, – ამის შესახებ „კვირას“ თვითმხილველმა მოუყვა. ნინო მოდებაძის თქმით, ის გუშინ, საღამოს საათებში სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა ქალბატონი, რომელიც ქუჩის გადაკვეთის დროს სამანქანო გზაზე წაიქცა და ადგომას ვეღარ ახერხებდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა ის და სათანადო დახმარება მოკლე დროში აღმოუჩინა.

„ძალიან დავიბენი, მერე სირბილით გავიქეცი ქალის დასახმარებლად, მეშინოდა მანქანა არ შეჯახებოდა. უცებ გაჩერდა პატრულის მანქანა, შეიძლება ითქვას, მათ მე მიმასწრეს და გადმოვიდნენ მანქანიდან. პატრულის ერთი თანამშრომელი მოძრაობას აჩერებდა, თან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებდა, მეორე ქალბატონს ეხმარებოდა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვუყურებდი როგორ უწევდნენ ქალს პირველად დახმარებას და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე თავი არ დაანებეს. გონს რომ მოიყვანეს, ამშვიდებდნენ, ეფერებოდნენ. სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მალე მოვიდა და მგონი საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმებისგან გავიგე, ქალს ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა. იცით, პატრულთან შეხება აქამდე არ მქონია, მაგრამ რაც გუშინ ჩემი თვალით ვნახე, ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა. ჩემი ქალაქი კარგი ადამიანების ხელშია,“ – ამბობს თვითმხილველი

კომენტარები

სხვა სიახლეები