“შეიძლება არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის” – დედის გადასარჩენად გაერთიანებული ერი (ფოტო)

დედის გადასარჩენად მოტაქსავე ძმებს ძალოსნობის ფედერაციის ექიმი გიორგი ჭინჭარაული დაეხმარა. როგორც ერთ-ერთი ძმა – ნიკა ქართველიშვლი სოციალურ ქსელში წერს, ჭინჭარაულმა მათ მანქანა ათხოვა, რომელსაც უკვე წარწერა – “გთხოვთ გადაარჩინოთ დედის სიცოცხლე” გაუკეთეს.
“დიდი ხანია, ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, რომ ემოცია გამომეხატა. შეიძლება არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ქალაქში მეორე სიცოცხლის მანქანაც დადის, მანქანა, რომელიც ერთმა საოცარმა ადამიანმა გვათხოვა მე და ჩემს ძმას, იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი განსაცდელის შესახებ.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერი ვარ ამ ადამიანის. Gio Tchintcharauli, დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის. ძმებად გვიგულე მე და ჩემი ძმა. მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ”, – წერს ნიკა.
ცნობისათვის, ძმები ქართველიშვილები დედის გადასარჩენად, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, თანხას აგროვებენ. ამ მიზნით, თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით – #მაიასთვის.
აღსანიშნავია, რომ მოტაქსავე ძმებს, დურგალი ძმები – ნიკურაძეებიც დაეხმარებიან, რომლებიც ავეჯს ამზადებენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
ძმებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავაც დაეხმარა. კანკავამ მათ თანხა გადაურიცხა.
54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ ეტაპზე, საჭიროა 150 000 დოლარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები