თბილისის ზოოპარკში ორი ნიამორი დაიბადა

თბილისის ზოოპარკში მატებაა – ცხოველებს ორი ახალშობილი ნიამორი შეემატა. ისინი სულ ახლახან დაიბადნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განათავსა.
“ესეც ჩვენი მორიგი ახალშობილი!

თან მხოლოდ ერთი კი არაა, მეორეცაა. ზუსტად ასეთი.

დიახ, დიახ, ორი კოპწია და ლამაზი ნიამორი გაგვიჩნდა.

რას აკეთებენ? დაახლოებით იმავეს, რასაც ეზოში გამოჟივჟივებული ბავშვები – დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე, თამაშობენ, ძიძგილაობენ და მეზობელ დარბაისელ ირმებს თავბრუს ახვევენ.

მერე ამდენ ბავშვს შენახვა ხომ უნდა? რომ იციან-ხოლმე, ისე არ თქვათ ახლა – შენახვის თავი თუ არ ჰქონდათ, რაღას აჩენინებდნენო. დიახ, წელებზე ფეხს ვიდგამთ და ვამრავლებთ, რადგან ნიამორის კონსერვაციის პროგრამას ვახორციელებთ. ვამრავლებთ, რომ მოგვიანებით ბუნებაში დავაბრუნოთ და სახეობა გადაშენებას გადავარჩინოთ.

ასე რომ, თუ ნიამორების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, არ მოგერიდოთ და შემოწირულობისთვის ამ ვებგვერდს ესტუმრეთ: www.zoo.ge/donateforwildlifeconservation “, – აღნიშნულია “ფეისბუქპოსტში” .

კომენტარები

სხვა სიახლეები