სოციალური ქსელის მომხმარებელი ნაირა აბუაშვილი ბაღში აღმზრდელისა და ბავშვის შესახებ სახალისო ისტორიას ყვება.
“დიდი ხანია ამდენი არ მიცინია. სიცილისგან ამოვყირავდი.
საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში…
დახმარება პატარამ თავად სთხოვა – საქმე მართლაც რთულად იყო: ყელიანი “ბათინკები” ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან…
როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მეორე ბათინკიც ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, საწყალმა ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა
– არასწორად მაცვია!..
არადა მართალი იყო – მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი – მარჯვენაზე…
ფეხსაცმლის გახდა ჩაცმაზე უარესი იყო…
აღმზრდელი თავს ძლივეს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.
და უცბად, ბიჭუნა აცხადებს:
– ეს ჩემი “ბათინკები” არ არის!
აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: “ადრე რატომ არ მითხარი???!!!” და ისევ შეუდგა, ძლივძლივობით, საშინელი ფეხსაცმელების გახდას. ბოლოს, როცა, როგორც იქნა, დაასრულა, ბავშვმა თქვა:
– ჩემი ძმის ბათინკებია. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.
აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით ისევ ჩააცვა ფეხსაცმელი და შეეკითხა:
– შენი ხელთათმანები სადღაა?
– ბათინკებში ჩავტენე…” – წერს მომხმარებელი.