ოჯახის დანგრევა პოლიტიკური შეხედულების გამო არ მომხდარა-რას აცხადებს ოზურგეთის მერიის თანამშრომელი მეუღლესთან დაპირისპირებაზე

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ დუმბაძე ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის და მისი მეუღლე, ვლადიმერ ვადაჭკორია განქორწინდნენ, არ ადასტურებს.
თამარ დუმბაძე შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს და ამავე პოსტში “კომენტარების” ველში დამატებით განმარტებებსაც აკეთებს.
“მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეუღლის, ვლადიმერ ვადაჭკორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან რთულია, როდესაც ოჯახში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს დიდი კონფლიქტის წყარო გახდა. ჩემი პოსტის არასწორად გააზრების გამო, ვაქვეყნებ ამ პოსტს. ჩემი სათქმელი მკაფიო და შეუცვლელია, დავიღალე იმით, რომ ყოველთვის ჩემი მეუღლისა და ჩემს პოზიციას ერთმანეთთან აიგივებენ. წლებია მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი და ნებისმიერ წინააღმდეგობას ვუმკლავდები მის დასაცავად. მე არ ვგავარ ადამიანებს, რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს.
ჩემი არგამოქვეყნებული პოსტის მოპარვა და მახინჯი ინტერპრეტირება უკვე მოასწრეს და ამაზეც გავაკეთებ კომენტარს
“29 წლის თანაცხოვრების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა დავიღალე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნით, ეს გახდა საფუძველი იმ განცხადებისა, რაც გააკეთა დღეს ვლადიმერ ვადაჭკორიამ.”
ეს პოსტი გამოქვეყნებისთანავე წავშალე მისი ბუნდოვანი შინაარსის გამო. ვიცი რამდენად არაკომპეტენტურია მედია ტექსტის სწორად გააზრებაში და რომ ეს სიტყვები შეიძლებოდა გადაეთარგმნათ სურვილისამებრ. ჩემი ვარაუდები გამართლდა.
როგორც წინამდებარე, ისე ამ პოსტით, მინდა ვთქვა, რომ წერტილს ვუსვამ ვლადიმერ ვადაჭკორიას, როგორც სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებაში, რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს. მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული და სკანდალური განცხადებებიდანაც თავი შეიკავოთ”, – წერს თამარ დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე მეუღლეს, ვლადიმერ ვადაჭკორიას, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირდა.
აღნიშნულის მიზეზი “რესპუბლიკური პარტიის“ მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები