სამი შვილის დედას ნიუ-ჯერსის შტატიდან, ქალურმა ინტუიციამ არ უმტყუნა. სწორედ ამ ინტუიციამ და მახვილმა თვალმა აიძულა კიმბერლი ბული, რომ სხვა შტატის პოლიციაში დაერეკა და სამართალდამცველები დაერწმუნებინა იმაში, რომ მოქალაქე დილან ჯარელი შეემოწმებინათ. ის სწორედ იმ მომენტში დააკავეს, როცა კბილებამდე შეიარაღებული საკუთარი სახლიდან გადიოდა. 20 წლის ბიჭის ჩხრეკისას, მას მთელი არსენალი უპოვეს – ცეცხლსასროლი იარაღი, ორასზე მეტი ტყვია, ჯავშანჟილეტი და ადგილობრივ სკოლაზე თავდასხმის დეტალური გეგმა.
კიმბერლი ბული სამი შვილის დედაა – მას 16, 11 და 8 წლის შვილები ჰყავს. „ფეისბუქის“ პოსტების კითხვისას მან შემთხვევით აღმოაჩინა კომენტარი, სადაც მისი შვილებისადმი მუქარა იკითხებოდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა რამდენიმე რასისტული გამონათქვამი დაწერა და ბავშვებს უახლოეს მომავალში სიკდვილი უსურვა. დედა ამ მომხმარებლის გვერდზე შევიდა და მისი ფოტო ნახა, რომელზეც ის იარაღით ხელში იყო. ქალმა მაშინვე გაუგზავნა ონლაინ-შეტყობინება, რომლის „სქრინი“ თავის გვერდზეც გამოაქვეყნა. კიმბერლი ამაზე არ გაჩერებულა და იმ შტატის პოლიციაში დარეკა, სადაც ჯარელი ცხოვრობდა.
„მე ოფიცერ ჯოშ სატერლის ვესაუბრე, რომელმაც ჩემი შეშფოთება გაიზიარა და თქვა, რომ რასობრივი შუღლის დაშვება მიუღებელია. მან სერიოზულად მიიღო ჩემი სიტყვები და მე ეს ძალიან მახარებს”, – განაცხადა კიმბერლი ბულმა
პოლიციელებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ დილან ჯარელი და ის იმ მომენტში დააკავეს, როდესაც სახლიდან გადიოდა, ხელში კი იარაღით და საბრძოლო მასალით გატენილი ჩანთა ეჭირა, ტანზე კი ჯავშანჟილეტი ეცვა. ამას გარდა, პოლიციელებმა სკოლაზე თავდასხმის გეგმაც იპოვეს. რომელ სკოლაში მიდიოდა ჯარელი არ ზუსტდება, რადგან ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
სხვა სიახლეები