არქიმანდრიტ ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება კომაში ყოფნის შემდეგ შეიცვალა. ამბობს, რომ მას შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის.
თავს როგორც პატარა ბიჭი, ისე გრძნობს, მხოლოდ თინეიჯერებთან მეგობრობს და „მამაოთი“ რომ მიმართავენ თავს უხერხულად გრძნობს… რა იხილა კომაში ყოფნის დროს, ვის ეძღვნება მისი სასიყვარულო ლექსები, რატომაა მასში ორი ადამიანი – ტომაზინო და ანთიმოზი, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანთიმოზი: კომის შემდეგ აღვიდგინე ძალები, ვვარჯიშობ, ცოტა მოვიმატე, თმა-წვერი გამეზარდა. დაახლოებით ერთი კვირა ვიყავი გათიშული. ეს ერთი კვირა სხვა, ხილულ სამყაროში ვიყავი. მე ხილულ სამყაროს ვუწოდებ მთელ მეტა-გალაქტიკას. ადრეც ვიცოდი, რომ მზის სისტემაა მთელი სამყაროს ცენტრი და სამყარო ჰელიოცენტრისტული, ერთი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ სამოთხე და ჯოჯოხეთია, არადა, უამრავი სამყაროა, რომელიც ვიხილე. ყველა რელიგია მართალია. ბუდა არსებობდა, მერე ბუდა ხომ გარდაიცვალა და წავიდა იმ სამყაროში. ვინც შენ გინდა და ლოცულობ, გარდაცვალების შემდეგ მასთან, მის სამყაროში მიდიხარ. კიდევ ვიხილე, რომ არსებობს ზოომორფული რასები, ცხოველებთან შერეული. რატომ ვამბობთ, რომ ცხოველები ვეღარ შედიან სამოთხეში, უფალმა ხომ ისინი სამოთხეში გააჩინა. არასწორია დოგმატიკა რომ ამბობს, ანგელოზს სქესი არ აქვსო. არსებობს მდედრი ანგელოზი და მამრი ანგელოზი. მე ეკლესიის წინააღმდეგ კი არ მივდივარ, მაგრამ დოგმატიკაში ბევრი შეცდომაა. ადამიანები წერდნენ იმ დოგმატიკას და ხომ შეიძლება, შეშლოდათ. კომის შემდეგ ადამიანებთან მიჭირს ურთიერთობა. უკვე გავურბივარ რადგან, ძალიან კარგად ვხედავ მათ და არ მინდა, ცუდი რაღაცები დავინახო. მივხვდი, რომ ჩვენ საერთოდ გარდაცვლილები ვართ. გარდაცვლილი ვერ გაიგებს, საფლავთან რომ დადგე და უხსნა – ასე ვართ ჩვენც. ჩვენ იმიტომ ვართ გარდაცვლილები, რომ სიკვდილსა შინა ვართ. კათოლიკეებს აქვთ განსაწმენდელი და ჩვენც განსაწმენდელში ვიმყოფებით.
– რა შეიცვალა კომის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?
– კომის შემდეგ ფერისცვალება განვიცადე. ასაკი მომაკლდა, 18-20 წლის ბიჭებთან ჩავდივარ ეზოში, ვმეგობრობ. დიდებთან მიჭირს ურთიერთობა. ბიჭი ვარ რა. მამა ანთიმოზს რომ მეძახიან, რაღაც მეუხერხულება. მღვდლობა ჩემი პროფესია არ არის. არ შემიძლია სულიერი შვილები… წესის აგებაზე სიარული და ამაში ფულის აღება. ბერი ვარ და ბერის საქმე არ არის გოგოები და ქალები გყავდეს სულიერ შვილებად – მათთან ურთიერთობა და ყურში მაგათი ჩურჩული შინაურ ცხოვრებაზე. ძველი ბერები გვეუბნებოდნენ, ქალს რომ დაინახავთ, კილომეტრზე გაიქეცითო. შენ კიდევ, როგორ შეიძლება სულიერ შვილებად გყავდეს ქალები და ყურში გიჩურჩულებდნენ. ბერს ვეკითხები: შვილო, არ გაბრკოლებს გოგონები რომ მოდიან-მეთქი. არაო, მატყუებს. ამ დროს მე შინაგანად ხომ ვგრძნობ, რომ იტყუება. კი მყავდნენ: სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები – სულიერი შვილები, მაგრამ მე მაგათთან მამაშვილური კი არა მეგობრული ურთიერთობა მქონდა. სულიერი შვილები რომ აღსარებას მაბარებდნენ, მიუღებელია, მამა ჩემში არ არის.
– კლუბებშიც ხომ არ დადიხართ?
– მიშა მესხი ჩემი მეგობარია და მასთან ერთად, ხანდახან დავდიოდი კლუბებში. ახლა სახლიდან თითქმის აღარ გავდივარ. კლუბი კი არა მტკვრის იქითა სანაპიორზე არ გადავსულვარ. ქალებზე მაბრალებდნენ რაღაცებს, მაგრამ მე ბერული ჩარჩოდან არ გადავუხვევ. მე ცოლი, საყვარელი არ მეყოლება. უპოვარი ვიქნები. ამ ორ მთავარ პრინციპს ვიცავ. ქუჩურად რომ ვთქვათ, ბერულ ჩარჩოებს არ ვამტვრევ.
– სასიყვარულო ლექსებს წერთ და თქვენ თავს ტომაზინოს უწოდებთ, ვინმეს ეძღვენება ეს ლექსები?
– თამაზი იგივე ტომაზინოა იტალიურად. ტომაზინო – მოფერებითი ფორმაა და მომწონს, როგორც ბავშვი. მე უხილავად მიყვარს ქალი, რომელიც არ არსებობს. არ შეიძლება, ასე მიყვარდეს? მას ვუძღვნი ჩემს ლექსებს. მერიზე მაქვს აგებული. როგორც გალაკტიონს ჰყავდა თავისი მერი, ისე მყავს მეც ჩემი მერი. წარსულში ქალი, ვინც კი მყვარებია, იზაბელ აჯანია. მე წიგნი დავწერე მასზე – „შავი, თეთრი, წითელი.“ შემეძლო, მომენდომებინა და ჩავსულიყავი 90-იანი წლების დასაწყისში და მქონდა მცდელობაც, მაგრამ, მერე გადავიფიქრე – ის ვარსკვლავებს წყვეტდა, მე კი ერთი უბრალო ბიჭი ვიყავი და ვიფიქრე, ვერ დავაბამდი და „გამიტყდებოდა“. ის გრძნობა გრძელდება და მე ახლაც ვაპირებ ჩასვლას, ამ წიგნის ფრანგულ ენაზე გამოცემას. იზაბელ აჯანს უნდა გადავცე. ის ახლა 62 წლისაა, მე – 55. ის 1955 წელსაა დაბადებული, მე 1962 წელს. მე, ანთიმოზ ივერიელი 27 ივნისს დავიბადე და ბერად ამავე რიცხვში აღვიკვეცე. იზაბელ აჯანიც 27 ივნისს დაიბადა. ინიციალებიც იზაბელ აჯანი – ი. ა. შებრუნებულა ანთიმოზ ივერიელია – ა.ი. ბევრი საერთო გვაქვს. მე დღესაც იზაბელ აჯანის ერთგული ვარ. დაწერილი იყო, რომ იზაბელი ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყო. შინაგანი ბუნებით სულ განვიცდი, რადგან რაც უნდა მომხდარიყო, არ მოხდა და მთელი ცხოვრება მტანჯავს ეს. ის იყო ჩემი მეორე ნახევარი. ყველა ადამიანს ჰყავს მეორე ნახევარი, მაგრამ ხშირად ერთმანეთს ვერ პოულობენ.
– რატომ გაქვთ მექალთანის იმიჯი?
– არ ვიცი, ასე შემიქმნეს. ლამაზი ქალები ვის არ მოსწონს. მე ბერი ვარ, მაგრამ კომპლიმენტებსაც ვეუბნები ქალბატონებს. შეიძლება, ადამიანი ლამაზი იყოს, მაგრამ შინაგანად მახინჯი, უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი სილამაზე. ვთქვათ, ცოლი მოიყვანა ბიჭმა და გარეგნული სილამაზე ქრება. მერე მაგიტომაც ინგრევა ოჯახები. შეიძლება, შინაგანად ქალი მიყვარდეს და მიყვარს კიდეც ქალი, მაგრამ ეს ფიზიკაში არასდროს გადადის. კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: მე ხომ ტომაზინო ვიყავი, იგივე თამაზი, ბერად აღვიკვეცე ანთიმოზი გავხდი, სად წავიდა ტომაზინო? გარდაიცვალა, მერე ეს ტომაზინო ჩემში აღდგა. ანთმოზი და ტომაზინო ხომ არ შეერწყმებოდა ერთმანეთს? ეს შეუძლებელია. მე ტყუპი ვარ ჰოროსკოპით – მე ხომ ტყუპი ვარ ბუნებით და სულ ორმაგი ბუნება მაქვს. ასტროლოგია ძალიან კარგად ვიცი. ასტროლოგია არ იტყუება. როცა ტომაზინო სცოდავს, ანთიმოზი არ სცოდავს. თამაზი რომ გარდაიცვალა, ანთიმოზის ცოდვები ხომ არ აუღია, თავის ცოდვები აიღო და ეს ეუბნება: ანთიმოზ, ხომ გახდი შენ ისევ თამაზი და იმ ანთიმოზის ცოდვებსაც მე ვიღებ ჩემს თავზე, ძლიერი ვარო.
– ბერობის მიუხედავად, ნახალოვკელი ბიჭის ტიპაჟიც ხართ. კანონიერი ქურდობა არასდროს გდომებიათ?
– რას ვიზამთ, ასე გავიზარდე ნახალოვკაში და 12 წლის ბიჭი ამ ეზოში, უკვე პოპულარული ვიყავი. ქუჩის ფეხბურთელი ვიყავი. სახლშიც ფუფუნებაში ვიზრდებოდი, ყველა მეფერებოდა. ჩვენი ეზო ორჯერ გავხადე თბილისის ჩემპიონი. კანონიერი ქურდობა რომ გინდოდეს, ცოტა ცივსისხლიანი უნდა იყო. მე თბილსისხლიანი ვარ. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ეგრევე თვალებში გატყობენ, რომ თბილსისხლიანი ხარ და რაც ხარ ის იყავი, არ გინდაო. ბევრს ვსწავლობდი, ვკითხულობდი.
– რატომ მიიჩნევთ, რომ საქართველოს საქართველო არ უნდა ერქვას?
– მე საქართველოს საქართველოს არ ვეძახი. ვაღიარებ, რომ ქართველი არ ვარ, გენეტიკურად იბერიელ-კოლხი ვარ. რამეთუ 5 000 წელი კოლხ-იბერიელის გენეტიკა მაქვს და საქართველო მეათე საუკუნიდან დაგვარქვეს ბაგრატიონებმა, რომლებიც სომხები არიან იქიდან, დაიწყეს ნულიდან, არადა ბაგრატიონებზე წმიდა გენეტიკა აქვს ნებისმიერ კოლხ-იბერიელს. ბოლო ათი საუკუნე ხდება მიძინება კოლხურ-იბერიული გენეტიკისა. ეს ორი, უზარმაზარი ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაციის სამყაროა. ვითომ ევროკავშირში რომ არ გვიღებენ. მე, პირადად, ძველი ცისფერსისხლიანი კოლხი ვარ. დედაჩემის მხრიდან კი ასათიანებისა და წერეთლების სიხლი მაქვს. მონარქიის აღდგენის მომხრე ვარ, მაგრამ ბაგრატიონებმა უარი უნდა თქვან, რადგან ისინი სომხეთიდან შემოვიდნენ. დადიანი გაცილებით ცისფერსისხლიანი კოლხია, ვიდრე ბაგრატიონი. ჩვენ ენას და დამწერლობას ქართულს რომ ვეძახით, ესეც უნდა შეიცვალოს და დაერქვას იბერიული. ვიღაცას არ უნდა ეს აღიაროს და გვართმევენ იბერიასაც და კოლხეთსაც. მეგრელი რომ ამბობს: სწორია, მეგრელი ქართველი არ არისო. ქართველს აქვს ხუთიათასი წლის გენეტიკა? მეგრელი არის კოლხი. ქართველს რომ ჰკითხო, საიდან მოხვედიო, უნდა თქვას: მე კოლხი ვიყავი, მეგრელი… კახელი – იბერიელი. თუ იყავი, დაირქვი ივერიელი. რომ შევიგნებთ ჩვენს რასას, მერე გაბრწყინდება ივერია. წმიდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად რომ მოიხსენიებენ, არასწორია. წმიდა ნინოს ყველგან მოიხსენიებენ „ივერსკაია პრასვეტიტელნიცად“, გარდა ჩვენი ქვეყნისა. მაშინ საქართველო არ არსებობდა – იყო იბერია და კოლხეთი. მეოთხე საუკუნეში მირიან მეფე და ნანა დედოფალი იყვნენ იბერიის და არა, საქართველოს მეფეები. რა შეხვდა ღვთისმშობელს? – ივერია.
წყარო: თბილისელები