ჩარგალში “მიხაობა” აღინიშნა – ირაკლი შიხიაშვილი ფოტოებს ავრცელებს

„მიხა ხელაშვილის ხსენების დღეს, ფშავში, ჩარგალში მთელი საქართველო შეიკრიბა“,- წერს ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და „მიხაობის“ ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
„დიდება კარგ ყმასო! წყალობდეს წმინდა გიორგიო! გრგვინავდა და გუგუნებდა ფშავის ხეობა! ამის შესაგრძნობ-შესასუნთქად ღირს სიცოცხლე! იცით რა გოგო-ბიჭები დაზრდილან?! უკვდავებას გაზიარებენ! უფალო დაიფარე საქართველო! ყველანი მიყვარხართ ქართველებო!“,- წერს შიხიაშვილი.
მიხეილ (მიხა) ხელაშვილი 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა. ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო.
ხელაშვილი ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. მიხა ხელაშვილი 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

კომენტარები

სხვა სიახლეები