”ფორმულა კრეატივის” სოციალური მენეჯერი სალომე ბარკერი (ნიკოლეიშვილი) დაბადების დღის მილოცვებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„და აი, უკვე 27 წლის ვარ. საკუთარი თავი ძირითადად ფრაგმენტულად მახსოვს, გამოსახულება ასე 13 წლიდან უფრო მკვეთრი ხდება, ანუ იქიდან, როცა სოფლიდან თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად.
ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიგრაცია, სინამდვილეში ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა 13 წლის ბავშვისთვის. ჩემმა ტვინმა სულ ცოტა ხნის წინ გამახსენა, რომ ახალ სკოლაში კლასიკური ბულინგის მსხვერპლი ვიყავი – ყველა კლასელი დამცინოდა იმერულად მოქცეული კილოს გამო.
მეცხრე კლასში სხვა სკოლაში გადავედი და იმერული კილოც აღარ მქონდა – სამაგიეროდ ბიოლოგიის ავტორიტეტულმა მასწავლებელმა, ახალ მოსწავლეს, სრულიად ახალი კლასელების თანდასწრებით, პირველივე გაკვეთილზე ვირთხა დამიძახა. ძალიან ბევრი ვიტირე სახლისკენ გზაზე და მახსოვს, დედაჩემმა ჩემი დანახვისთანავე როგორ უსწრაფესად ჩაიცვა, როგორ უსწრაფესად გავარდა სკოლაში და თან დაიმუქრა, დედას მოვუტ…ვო.
ასეც მოხდა პრინციპში – მეორე გაკვეთილზე ბიოლოგიის მასწავლებელმა მკერდში ჩამიკრა და „გამიიასნა“, რომ სიყვარულით შემადარა ვირთხას და არა რამე ცუდი განზრახვით. ჩემთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. არც ჩემი კლასელებისთვის – ახალი ზედმეტსახელი „დამაკვდა“.
მახსოვს, როგორ მივიღე პირველი სამიანი და პირველი ორიანი. ნელ-ნელა ჩავიძირე რაღაც უაზრობის მორევში, ჩემი „ფრიადოსნობა“ და გერმანულის მასწავლებლის ნათქვამი „ამ კლასში მარტო ნიკოლეიშვილის გამო შემოვდივარ!“ ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა.
მე-11 კლასში კიდევ ერთხელ გამოვიცვალე სკოლა და საჯაროდან კერძოში აღმოვჩნდი, სადაც უკვე ადამიანები დამხვდნენ. კიდევ ერთხელ დავიწყე ახალი ცხოვრება თავიდან და ამჯერად ძალიან წარმატებულად – ერთი წლის მერე ჩავაბარე იმ უნივერსიტეტში, სადაც მინდოდა და რაც მთავარია, სრულიად უფასო სწავლაც ვიჩუქე სახელმწიფოსგან.
მნიშვნელობა არ აქვს, მერე გამომადგა თუ არა თსუ-ში სწავლა რამეში, გამიცრუვდა იმედი თუ პირიქით, ავშენდი – ეს წარმატება მაშინ ძალიან მჭირდებოდა საკუთარ თავში დასარწმუნებლად, საკუთარი თავის შესაყვარებლად და მთელი ჩემი ნაცნობი სამყაროსთვის სათქმელად – „თქვენ, ყველანი ხართ ს…-ები“.
ახლა უკვე 27 წლის ვარ, ხან ვშორდები საკუთარ თავს, ხან ვუახლოვდები, ხან ჩამოვრჩები ხოლმე, ხან ვეწევი. მოკლედ, ცხოვრება რთულია, მაგრამ გაცილებით რთულია ყველა იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც არ ჰყავს მხარდამჭერი, თანამოაზრე, დამცველი და მხარში მდგომი. როგორი ვიქნებოდი ახლა, იმ საშინელ დღეს დედაჩემი რომ არ გავარდნილიყო ჩემს დასაცავად სკოლაში? არ მაქვს პასუხი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი არა, როგორიც დღეს ვარ.
რამდენიმე დღეა დაბადების დღის მოლოცვებს ვიღებ და ყველას ვალაიქებ, ვგულავ, ვაჰაჰავებ და ამ დროს სულ მეფიქრება იმ ადამიანზე, ერთი თვის წინ თავი რომ გაუჩეჩქვეს, ერთი თვე რომ სიკვდილს ებრძოდა და ბოლოს მაინც დამარცხდა. რა დააშავა ზიზიმ? არაფერი, უბრალოდ დაიბადა. ალბათ ჩემგან განსხვავებით, გაცილებით მძიმე პირობებში გაიზარდა და მის მეხსიერებაში ალბათ არ არსებობდა არც ერთი ეპიზოდი, როცა დედამ ან მამამ, ან ვინმემ ჩაგვრისგან დაიცვა.
მშობლებო, გთხოვთ შეიყვარეთ პირველ რიგში თქვენი შვილები, ისეთები, როგორებიც არიან, და მერე იდარდეთ მეზობლებზე, ნათესავებზე, ნაცნობებზე, თქვენი შვილის კლასელის მშობლებზე, თქვენი მულის დაქალის მეზობელზე, თქვენი ბავშვობის ძმაკაცის მეჯვარის დაზე, თქვენი უახლოესი მამიდაშვილის გარე ბიძაშვილის ნათლულზე, და რაც მთავარია, ბრბოზე და „მის აზრზე“. პ.ს. მადლობა ყველას მოლოცვისთვის”. – წერს სალომე.
სხვა სიახლეები