ვინ არიან ქართველი ახალგაზრდები,რომლებმაც საატესტატო გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს

ლაშა ჭიპაშვილი და მარიამ ჯილაძე საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულები არიან. საატესტატო გამოცდებში რვავე საგანში მათ უმაღლესი შეფასება – 10 ქულა აიღეს. მათ მთელი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო  შედეგი აჩვენეს.
ორივემ რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. კლასელები და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთის წარმატებასაც ერთად იზიარებენ. ლაშა ჭიპაშვილი საატესტატო გამოცდებისთვის სახლში ემზადებოდა. რეპეტიტორებზე უარი ეროვნული გამოცდების პროგრამის ათვისების დროსაც თქვა.
“ძალიან ბევრს არ ვმეცადინეობ. უბრალოდ, მუდმივად ვაკეთებ რაღაცას, რაც საშუალებას მაძლევს არ მოვდუნდე და მივაღწიო წარმატებას” – აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაშა ჭიპაშვილი. საავიაციო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე აბარებს. თვლის, რომ თავს სწორედ ამ სფეროში იპოვის. “არჩეული სფერო რთულია და მე მიყვარს გამოწვევები. ასევე დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, რაც ჩემს ინტერესს წარმოადგენს”.
ლაშას მსგავსად, მარიამიც თავის წარმატების საიდუმლოდ დროის სწორად განაწილებას ასახელებს. “წარმატებას ბავშვის ბუნებაც განსაზღვრავს. მთავარია გინდოდეს სწავლა, იყო მიზანდასახული და გქონდეს უნარები, რომლებიც სწავლაში დაგეხმარება”, – გვიყვება მარიამი.
უნივერსიტეტიც და ფაკულტეტიც უკვე შერჩეული აქვს. თვლის, რომ თავს საბუნებისმეტყველოსფეროში, ფიზიკა-მათემატიკის განხრით იპოვის. “ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამეა გამოსაკვლევი, შესასწავლი. ძალიან გამიხარდება თუ ჩემს წვლილს შევიტან”, – ამბობს მარიამი.
შეკითხვაზე თუ რაზე ოცნებობენ, ორივე განსხვავებულად გვპასუხობს. მარიამ ჯილაძეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, ლაშა ჭიპაშვილს კი ბევრი ფული უნდა. თვლის, რომ იდეებს გასაქანი ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში აქვს.
დირექტორი, რომლის სკოლაშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ორი საუკეთესო მოსწავლე სწავლობს, ბავშვებით ამაყობს.
“ეს ბავშვები გახლავთ ჩვენი ოქროს მედალოსნები, რომლებმაც გასულ წელსა და წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება აიღეს. 80 ქულიდან, 80 ქულა დააგროვეს” – მამუკა ხამხაძე ამბობს, რომ ბავშვების წარმატებაში წვლილი მასწავლებლებმაც შეიტანეს.
2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსთვის რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლას წლის საუკეთესო სკოლის სტატუსი მიენიჭა. 2 წლის განმავლობაში საატესტატო გამოცდებზე აღნიშნულ სკოლას საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები