გასული წელი ვარსკვლავური ქორწინებებით იყო დახუნძლული. მათ შორის ზოგიერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა – მნიშვნელობით, პრესტიჟულობით თუ მოულოდნელობით. მაშ ასე, 2014 წლის ხუთი ყველაზე საინტერესო ქორწილი.
ყველაზე მოულოდნელი ქორწილი – ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. წყვილმა 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ იქორწინა. ჟურნალისტები წლების განმავლობაში ელოდნენ და აანონსებდნენ მათ დაქორწინებას, თუმცა ბრედმა და ანჯელინამ მაინც მოულოდნელად და ვიწრო წრეში გააოფიციალურეს თავიანთი ურთიერთობა. 23 აგვისტოს მათ ქორწილს 22 სტუმარი ესწრებოდა, მათი ექვსი შვილის ჩათვლით. განსაკუთრებული იყო ენჯის კაბა – ვერსაჩეს მოდელი, ოღონდაც კაბის ბოლო მისი შვილების ნახატებით იყო გაფორმებული. ცერემონია საფრანგეთში, ძველებურ სასახლეში გაიმართა, როგორც ენჯის დედამ, ფრანგმა მარშელინ ბერტრანმა ისურვა 2007 წელს სიკვდილის წინ.
ყველაზე ნანატრი ქორწილი – ამალ ალამუდინი და ჯორჯ კლუნი. მარადიულ ბერბიჭად წოდებული ჯორჯ კლუნის დაქორწინებას მართლაც ლამის მთელი მსოფლიო ელოდა. სხვადასხვა მშვენიერ ქალთან გაბმული რომანების შემდეგ მსახიობმა, ბოლოს და ბოლოს, გააკეთა არჩევანი და ლამაზი იურისტი შეირთო. ამალი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ პატარძლადაც აღიარეს – ცერემონიის განმავლობაში, რომელიც ვენეციაში გაიმართა, სამჯერ გამოიცვალა სამოსი და ყველაფერში მშვენიერი იყო.
ყველაზე მოდური ქორწინება – კიმ კარდაშიანი და კანიეი უესტი. გასულ წელს კიმმაც იქორწინა თავისი შვილის მამაზე. კიმმა, რომლის ყველა გამოსვლა რეალურ შოუდ გადაიქცევა ხოლმე, ქორწინებაც ასეთად აქცია – ფლორენციაში XVI საუკუნის ციხესიმაგრეში იქორწინა. ჟივანშის თეთრი კაბა ამშვენებდა, მისი ქალიშვილიც თეთრით იყო შემოსილი და ქმარიც. შემდეგ ეს ფოტოები, როგორც უწინდელი, საკმაოდ მცირეხნიანი ქორწინების შემთხვევაში, სოლიდურ თანხად მიჰყიდა ბრიტანულ ტაბლოიდს. კიმს შეუძლია, ყველაფრიდან სარგებელი ნახოს – ყველას ახსოვს, პირველი ქორწინების დროს დახარჯული თანხები სრულად ამოიღო და გააორმაგა კიდეც ჟურნალისთვის ფოტოების ექსკლუზიურად მიყიდვით.
ყველაზე ბოჰემური ქორწინება – ადამ ლივაინი და ბეჰატი პრინსლოუ. ჯგუფ ”მარუნ 5”-ის სოლისტი ცნობილია მოდელების სიყვარულით. საცოლეც საბოლოოდ მოდელებს შორის შეარჩია და ბეჰატი პრინსლოუს, ”ვიქტორიას სიკრეტის” ერთ-ერთ ”ანგელოზს”, ხელი სთხოვა. ქორწილი 19 ივლისს მექსიკაში ჰქონდათ, პლაჟზე – ვიწრო წრეში, ყოველგვარი პომპეზურობისა და საქორწილო ატრიბუტიკის გარეშე. ცერემონიის შემდეგ გოგონას სამშობლოში – სამხრეთ აფრიკაში გაეშურნენ და თაფლობის თვე იქ გაატარეს.
ყველაზე გასაიდუმლოებული ქორწილი – მერი-კეიტ ოლსენი და ოლივიე სარკოზი. ამ წყვილის ურთიერთობაზე ბევრს წერდნენ. დიზაინერად ქცეული მსახიობ მერი-კეიტისა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმის, ოლივიე სარკოზის მიჯნურობა ბევრ შეკითხვას ბადებდა. პირველ რიგში, ასაკობრივი – 17-წლიანი სხვაობის გამო, თუმცა სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა და წყვილმა ნიუ-იორკში საიდუმლო ვითარებაში იქორწინა. მხოლოდ შემდეგ გამოაჩინა მერი-კეიტმა კარტიეს უძვირფასესი ბეჭედი.
წყარო: ჟურნალი რეიტინგი