ქართული კაფე ირანში და ისპაჰანელი ქართველის ოცნება

“ქართულად იმიტომ ვმღერი, რომ ჩვენი თაობის ვალია, არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რაც ამ ოთხი საუკუნის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა შეინარჩუნეს უცხო ქვეყანაში”

mc XBoy” ირანში საკმაოდ პოპულარული რეპერია. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ანდრია (ჰადი) იოსელიანია. ანდრია ისპაჰანში ცხოვრობს. მისი წინაპარი საქართველოდან მეჩვიდმეტე საუკუნეში, შაჰ-აბასის ლაშქრობის მერე ძალით წაიყვანეს ირანში.

“მანდ სულ სხვანაირად ვიმღერებ”

ანდრია 25 წლისაა. 10 წლიდან რეპს მღერის, ძირითადად, ქართულად:“ქართულად იმიტომ ვმღერი, რომ ჩვენი თაობის ვალია, არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რაც ამ ოთხი საუკუნის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა შეინარჩუნეს უცხო ქვეყანაში. ყველაზე დიდი მონაპოვარი ქართული ენაა და ვცდილობ, ჩემი სიმღერით მეც შევიტანო წვლილი, რომ ხალხს არ დაავიწყდეს წინაპრების ენა”. ირანში რეპის მიმდინარეობა მკაცრ ცენზურას გადის, მაგრამ იმის გამო, რომ ანდრიას სიმღერებში არაა პოლიტიკური მოწოდებები და მავნე აზრები, სიმღერის გამო პრობლემები არ ექმნება: “ზოგჯერ მეშლება ხელი სიმღერაში, აბა, რა ვიცი რა ვთქვა, მაგრამ მთავარია, რომ ქართულად ვმღერი”.
ანდრიასთვის ქართველობა ძალიან ბევრს ნიშნავს: “ქართველობა და საქართველო ჩვენთვის არის, როგორც ღმერთი. საქართველო ჩვენს გულშია.  ჩემი მშობლიური მიწაა, მამა-პაპათა სისხლი მეძახის და მოვალე ვარ რომ ჩამოვიდე. მე საქართველოზე ვოცნებობ და მინდა, ჩემი სამშობლოს მიწაზე ვიცხოვრო.”

ანდრიამ და მისმა მეგობრებმა ცოტა ხნის წინ ისპაჰანში ქართული კაფე გახსნეს: “ქართული კაფე იმიტომ გავხსენი, რომ ირანში განსაკუთრებით ისპაჰან ქალაქში ხალხმა უფრო მეტად გაიცნოს საქართველო.”

მენიუში ბევრი ქართული კერძი არ აქვთ, თუმცა ანდრიას მეგობარი არსენ გურგენიძე საქართველოში ქართული კერძების შესასწავლად ჩამოვიდა. კაფეს დიზაინი ქართული და ირანული ელემენტებისგან შედგება: “მე და ჩემს მეგობრებს, რა თქმა უნდა, გვიხარია კაფის გახსნა, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი ირანში, როცა ქართული სახელით ასეთი დაწესებულება მუშაობს. ჩვენ ვეცდებით, იგივე სხვა ქალაქებში გავაკეთოთ.”

ანდრიას ძალიან უყვარს ქართული ფოლკლორი, ოცნებობს ქართველებთან ერთად სიმღერაზე: “მანდ სულ სხვანაირად ვიმღერებ, რადგან საქართველო ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ოცნება და ჩემი სიყვარულია”.

განსაკუთრებული აღტაცებით იხსენებს, როდესაც პირველად იმღერა ქართულად: “აქ მცხოვრებმა ქართველებმა თავდაპირველად არ იცოდნენ, ქართულად რომ ვმღეროდი, არ დამავიწყდება მათი სიხარული, როდესაც მათთვის სრულიად მოულოდნელად ქართულად ავმღერდი. ეს სიხარული ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა“.

ანდრია სიმღერის მუსიკას და ტექსტს თვითონვე წერს, რადიო “სეფაანში” ხშირად გადის მისი სიმღერები.

სპორტის დიდი გულშემატკივარია, თუ ქართველი მონაწილეობს, მაშინ შეხვედრებს განსაკუთრებული აღტკინებით უყურებს: “განსაკუთრებით ჭიდაობისა და რაგბის ყურება მიყვარს, რადგან ქართველები ძალიან ძლიერები არიან, როცა იგებენ, მეამაყება ხოლმე. არ მიყვარს დამარცხებული ქართველის ყურება“.

ქართველი სპორტსმენებიდან განსაკუთრებით კახი კალაძე და ლუკა კურტანიძე უყვარს: “ყველაფერს შრომით მიაღწიეს და ასე მგონია, ყველასთვის სამაგალითოები უნდა იყვნენ.”

ჰყავს იდეალი ადამიანი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე: “ის, მართლაც, უწმინდესია. საკუთარი ბაბუა მგონია, რომელსაც კალთაში ვუჯდებოდი და ბევრს ვეფერებოდი ხოლმე. საყვარელი და თბილი ადამიანია. მიყვარს მისი ლაპარაკის მოსმენა”  ჩვენი საუბრის დასასრულს ანდრიამ ოცნებაც გაგვიმხილა: ” ჩემი დიდი ოცნებაა, ჩამოვიდე საქართველოში და ვიყო ჩემი სამშობლოს ღირსეული შვილი…”

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

99bfa590174fae38cf229aeb1b0ffeba

87a72d076cecabcbbc2793a8d24e7a58

კომენტარები

სხვა სიახლეები