“კვირა პლუსი” გთავაზობთ ამონარიდს ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელსაც გამოცემა “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
– როგორ შეაფასებთ გასულ 2015 წელს?
– 6 თვე ვიყავი ამერიკაში, რთული იყო ოჯახისგან შორს ყოფნა, მით უმეტეს, დროის სხვაობაა ძალიან დიდი, ისეთი, რომ სხვა პლანეტაზე მეგონა თავი. ახლა ჩემს ოჯახთან დაკარგულ დროს ვინაზღაურებ – ჩემს ძმასთან, პატარა თეთრ დათვთან ერთად ფილმებს ვუყურებ. მარველის ყველა სუპერგმირი ვნახეთ. ახლა ვფიქრობ, კიდევ რას ვუყუროთ – შეიძლება ჯეიმს ბონდზე გადავიდეთ და არც ვიცი, მოეწონება თუ არა.ყოველდღე ვუკრავ ფორტეპიანოზე, გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ახალ სიმღერებს ვწერ, მოკლედ, მომავალ წელს ვგეგმავ…
– კმაყოფილი ხართ განვლილი წლით?
– შემოქმედებითად კმაყოფილი ვარ – 2015 წელი ჩაწერებს დავუთმე. თუმცა, იშვიათად ვარ კმაყოფილი სტუდიური საქმიანობით, იდეალისტი ვარ და დეტალებს ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ დეტალები შეადგენს სრულყოფილებას. 2016 წელს ჩემი ბევრი ახალი სიმღერა გამოვა, კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. წინ დიდი გზა გვაქვს, იმედია, ახალ გულშემატკივრებსაც შევიძენ.
– რამდენიმე დღის წინ 21 წლის გახდით, შეძელით იმის გაკეთება, რაც გინდოდათ?
– შევძელი თუ არა, რთული ასახსნელია. ბევრად მეტის გაკეთება მინდა და კიდევ, ბევრი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე.
– როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?
– ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ჩემი გულშემატკივრებიც მოვიდნენ და ტორტი მომიტანეს. ბოლო 4-5 წელია, ასე ხდება. ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ჩემი დაბადების დღე არ მიმაჩნია ისეთ მოვლენად, რომ ხალხი შეწუხდეს. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს. მათ ფანებს არ ვუწოდებ, ისინი ჩემი შორეული ახლობლები არიან. ხშირად ბევრ ახლობელზე მეტად მიდგანან გვერდით. ყოფილა დღეები, განსაკუთრებით ამერიკაში ყოფნისას, როცა ჩემები მენატრებოდა და სევდიან განწყობაზე ვიყავი, ამ დროს სწორედ მათ გზავნილებს მოუცია დიდი ძალა… დაბადების დღე ოჯახის წევრებმაც ტორტით მომილოცეს და მიმღერეს Happy birthday. დაბადების დღის საჩუქარს ახალ წელს მივიღებ…
– როგორ აღნიშნავს ივანიშვილების ოჯახი ახალ წელს?
– ყოველ ახალ წელს ვიკრიბებით. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ჩემი ძმა უტა საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკო – ამერიკაში, ახალ წელს ყველანი ვიკრიბებით.
– როდემდე რჩებით საქართველოში?
– იანვრამდე დავრჩები. პირველად ვამბობ საჯაროდ – “ნექსთის” წევრი გავხდი. ისინი იზრუნებენ ჩემს იმიჯზე, განვითარებაზე… პარიზში “ფეშენ ვიკზე” ვიყავი, ნეშ გრიერთან ერთად, სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდა “ნექსთის” წარმომადგენლობა და გავაფორმეთ კონტრაქტი ამ წარმატებულ სააგენტოსთან.
– თბილისში ჭორი დადის, რომ მოდელ თაკო ნაცვლიშვილზე ხართ შეყვარებული.
– სიმპათია რომ მქონდეს, რატომ დავმალავ? მეც გამიგია ეს ჭორი და საიდან მოდის, არ ვიცი. მასთან შეხება არ მქონია, მგონი, მხოლოდ კლიპის ქასთინგზე მყავს ნანახი, ეგეც არ მახსოვს კარგად. ჩემი გული თავისუფალია.
სხვა სიახლეები