სალომე ჭაჭუა: მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, შემდეგ სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება

სამეჯლისო ცეკვების ქართველმა ვარსკვლავმა სალომე ჭაჭუამ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ჟურნალ “სარკესთან” ვრცლად ისაუბრა.

“კვირა +” გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

– სალომე, რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში?

– ბევრი სასიამოვნო სიახლე მაქვს. სტუდია გავაფართოვე და სხვაგან გადავედი, სადაც შემიძლია შიდა ტურნირებიც ჩავატარო. ჩემი მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან. ბოლო ტურნირი კიევში გვქონდა და თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი აიღეს. მეც კარგი შედეგები მაქვს. მე და ჩემი მეწყვილე მსოფლიო ასეულში ჯერჯერობით 97-ე ადგილზე ვართ. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ბევრს ვუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო 50 მოცეკვავე წყვილს შორის მოვხვდეთ. თვეში ორჯერ მაინც საზღვარგარეთ ტურნირზე ვარ და ჩემი მიზნისთვის ქულებს ვაგროვებ.

– მეწყვილეს, მაქსიმ რიჟიკოვს, ბოლომდე კარგად შეეწყვეთ?

– ახლახან ერთი წელი შეგვისრულდა, რაც წყვილში ვცეკვავთ. ერთმანეთს იმდენად კარგად შევეწყვეთ, სხვასთან ერთად ცეკვის გაგრძელებაზე არც ვფიქრობთ. მაქსი ძალიან კარგად აღზრდილი და კომფორტული ადამიანია. ჩემს სტუდიაში ქორეოგრაფადაც მუშაობს. შეიძლება ჩვენი აზრები რაღაც მოძარობაზე ერთმანეთს არ დაემთხვევს, მაგრამ კამათი თითქმის არასდროს მოგვდის. ყოველთვის შეთანხმებამდე მივდივართ.

– თქვენზე უკვე ბევრს ჭორაობენ. ამბობენ, რომ ერთმანეთი გიყვართ.

– ჩემ გვერდით მაქსიმ რიჟიკოვი იდგება თუ სხვა ვიღაც, ყოველთვის იჭორავებენ და იტყვიან, რომ რაღაც ხდება. ჩემსა და მაქსს შორის არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ კარგი მეგობრები ვართ და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ასეთ ჭორებზე ადრე ძალიან ვბრაზდებოდი, ახლა კი ყურადღებას აღარ ვაქცევ.

– ეს ჭორები ალბათ იმიტომ ვრცელდება, რომ სწორედაც ხშირია მაგალითები, როცა მეწყვილეებს ერთმანეთი უყვარდებათ. ამ ურთიერთობის პლუსად და მინუსად რა მიგაჩნიათ?

– პლუსი ისაა, რომ ერთმანეთი უყვარდებათ. მინუსია, როცა მეწყვილეებს შორის სიყვარული იწყება, სხვა მოთხოვნილებებიც ჩნდება, ამიტომ უმჯობესია, ერთმანეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდეთ. ამ დროს არც ეჭვიანობ და არც ზედმეტ პასუხისმგებლობას გრძნობ, მხოლოდ საქმესა და წარმატებაზე ფიქრობ.

– პირად ცხოვრებაში ცვლილებები როგორ მოქმედებს თქვენს საქმიანობაზე?

– ჩემს საქმეში პირადი არასდროს ფიგურირებს, მით უმეტეს, ახლა გვერდით არავინ მყავს. ჩემსა და გიორგი ვარდოსანიძეს შორის რაც მოხდა ამ საკითხზე, ღიად არ ვსაუბრობ და არც ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ცვლილებას ჩემს კარიერაზე ცუდად არ უმოქმედია. სულელი უნდა იყო, რომ არ განიცადო, როცა ურთიერთობა ინგრევა, მაგრამ ძლიერი უნდა იყო და ბევრი არ უნდა ილაპარაკო. როცა ბევრს არ ტლიკინებ, ამ დროს უფრო ძლიერი ხარ.

– “სარკის” წინა ნომერში თქვენმა ყოფილმა ქმარმა, მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ, კარიერაში წარმატება გისურვათ. მოგიწოდათ, რომ მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. წაიკითხეთ როგორ მოგმართათ?

– ეს ინტერვიუ წავიკითხე და მეც ვუპასუხებ. გიორგი ჩემი დიდი გულშემატკივარია და ყოველთვის წარმატებისკენ მიბიძგებს. “სარკის” ფურცლებიდან მადლობას გადავუხდი და მეც იმავეს ვუსურვებ, რადგან, როგორც მე ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე, ისიც ასევე გიჟდება მსხაიობობაზე. ერთმანეთისთვის პროფესიულ წინსვლაში ხელი არასდროს შეგვიშლია, პირიქით. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე და გიორგი ჩემი კარიერის გამო დავშორდით ერთმანეთს, ვეტყვი, რომ ეს არაფერ შუაშია.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

– როცა შევხვდებით, ერთმანეთს ყოველთვის მოვიკითხავთ ხოლმე. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი დავივიწყოთ და არც კი მივესალმოთ. რა სისულელეა! ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქმევ, რადგან რთულია დიდი სიყვარულიდან ეგრევე მეგობრობაზე გადასვლა, მაგრამ კარგი ურთიერთობა ნამდვილად გვაქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები