“ალო, დედა დავკარგე, იქნებ მაპოვნინოთ” – ყველაზე სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც სატელეფონო ზარით დაიწყო

– ალო, დაკარგული ნივთების ბიუროა? – გაისმა ტელეფონში ბავშვის ხმა.
– კი, პატარავ. დაკარგე რამე?
– დიახ, დედა დავკარგე. თქვენთან ხომ არ არის?
– როგორია დედაშენი?
– ლამაზი და კეთილია… კიდევ კატები უყვარს.
– სწორედ გუშინ ვიპოვეთ ერთი დედა, იქნებ შენია. საიდან რეკავ?
– მე-3 ბავშვთა სახლიდან.
– კარგი, მანდ გამოგიგზავნით დედას, დაელოდე.

ის მართლაც შემოვიდა მის ოთახში, კეთილი და ლამაზი… ხელში კი ნამდვილი ცოცხალი კატა ეკავა.
– დედა! – დაიყვირა ბავშვმა და მისკენ გაიქცა. ისე ძლიერად მოეხვია, რომ თითები გაუთეთრდა
– დედა, ჩემი დედიკო!!!

დავითი თავისმა ყვირილმა გამოაღვიძა. ასეთ სიზმრებს თითქმის ყოველ ღამე ხედავდა. ბიჭუნამ ბალიშის ქვეშ შეყო ხელი და იქიდან გოგონას ფოტო გამიაძვრინა. ეს ფოტო შარშან ქუჩაში სეირნობისას იპოვა. მას შემდეგ ინახავდა და სჯეროდა, რომ ეს დედამისი იყო.
სიბნელეში შემოჭრილ მთვარის შუქზე დიდხანს უყურებდა ფოტოზე აღბეჭდილ ლამაზ სახეს, შემდეგ ჩაეძინა.
დილით ბავშთა სახლის მმრთველმა წესისამებრ ყველა ბავშვს დილა მშვიდობისა უსურვა და თავზე გადაუსვა ხელი. დავითის საწოლთან რომ ჩაიარა, იატაკზე დაგდებული ფოტოც შენიშნა. აიღო და ბიჭს ჰკითხა:
– დათუნა, საიდან გაქვს ეს ფოტო?
– ქუჩაში ვიპოვე.
– ვინ არის?
– დედაჩემი, – გაუღიმა ბიჭუნამ და დაამატა, – ძალიან კეთილი და ლამაზია, თან კატები უყვარს.

მმართველმა მაშინვე იცნო გოგონა. ბავშვთა სახლში ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. როგორც ჩანს, ფოტოც მაშინ დაუვარდა. მას მერე ამ გოგონამ ძალიან ბევრი დაწესებულების კარი შეაღო თხოვნით – შვილის აყვანა უნდოდა. ბიუროკრატიული დაბრკოლებების წყალობით ძალიან სერიოზული ბარიერი აფერხებდა – გათხოვილი არ იყო.
– კარგი, რაკი დედაშენი ყოფილა, საქმე სხვანაირად იქნება, – დაბეჯითებით ჩაილაპარაკა მმართველმა და კაბინეტში დაბრუნდა.

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მისი კარი სწორედ ამ გოგონამ შეაღო. ხელში დოკუმენტების დასტა ეკავა.

– აი, ყველაფერი მოვიტანე, რაც მთხოვეთ.
– გასაგებია, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ. ასეთი წესია. იმედია, გრძნობთ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრებათ. ბავშვი დროებითი გატაცება ხომ არ არის, მას მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ.
– ყველაფრისთვის მზად ვარ.
– კარგი… გინდათ ბავშვები ნახოთ?
– არ მინდა, ნებისმიერს ავიყვან, ვისაც შემომთავაზებთ.
მმართველმა გაოცებისგან წარბები ასწია.
– რატომ გიკვირთ, მშობლები ხომ შვილს არ ირჩევენ… წინასწარ არასოდეს იციან, როგორი შვილი ეყოლებათ. ლამაზი თუ ულამაზო, ჯანმრთელი თუ ავადმყოფი. ისეთი უყვართ, როგორიც არის. მეც ნამდვილი დედა მინდა ვიყო.
– მშვილებლისგან ასეთი რამ პირველად მესმის, – გაუღიმა მმართველმა, – უკვე ვიცი, ვისი დედაც გახდებით. მას დავითი ჰქვია, 5 წლისაა. დედამისმა სამშობიაროშივე უარი თქვა მასზე. ახლავე მოვიყვან, თუ მზად ხართ შესახვედრად.
– მზად ვარ. მაჩვენეთ ჩემი შვილი.
მმართველი მალე დაბრუნდა კაბინეტში, თან ბიჭუნა ახლდა.
– დათუნა, გაიცანი ეს…
– დედიკოოო, – დათუნა ქალს ისე ძლიერად მოეხვია, რომ თითები გაუთეთრდა, – ჩემო დედიკო.
– შვილიკო, ჩემო სიხარულო… როდის შემიძლია მისი წაყვანა?
– საერთოდ, მომავალი დედა-შვილი ჯერ აქ ეჩვევა ერთმანეთს და მერე მიდიან, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მგონი საქმე სხვაგვარადაა.
– ახლავე წავიყვან.
– კი ბატონო, ორშაბათს კი მობრძანდით და საბუთები გავაფორმოთ.
დათუნა უბედნიერესი იყო.
დედამისისთვის ხელი ჩაევლო და წამითაც არ უშვებდა. ირგვლივ ძიძები ფუსფუსებდნენ, მის ნივთებს ალაგებდნენ.
– ნახვამდის, დათუნა, შემოგვიარე ხოლმე.
– ნახვამდის, შემოგივლით.

ქუჩაში გავიდნენ… როგორც იქნა დათუნამ გაბედა და მთავარი შეკითხვა დაუსვა:
– დედა… კატები გიყვარს?
– ვგიჟდები, სახლში ორი კატა მყავს.
დათუნამ ბედნიერმა გაიღიმა და მალე სახლის კარიც შეაღეს.

ისევ მმართველს დავუბრუნდეთ. როცა დათუნამ და დედამისმა იქაურობა დატოვეს, მმართველი ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
– ალო, ზეციური კანცელარიაა? განცხადება მაქვს.
კლიენტის სახელი: ვალენტინა ბეილი
დამსახურების კატეგორია: უმაღლესი, ბედნიერება მოუტანა პატარა ბიჭს… მიანიჭეთ მას ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაში ეკუთვნის: უსაზღვრო ბედნიერება, საპასუხო სიყვარული, წარმატება და ა.შ. რა თქმა უნდა იდეალური მამაკაციც, ის გაუთხოვარია… მესმის, რომ ასეთი მამაკაცი ცოტა დარჩა, დეფიციტია, მაგრამ გამონაკლისი უნდა დავუშვათ. არც უსაზღვრო ფულადი დახმარება დაგავიწყდეთ, ძალიან გამოადგება. ბავშვს არაფერი არ უნდა მოაკლდეს, კარგად უნდა იკვებოს… მგონი, სულ ესაა. გმადლობთ.

მმართველმა ყურმილი დაკიდა და ფანჯრისკენ გაემართა. ბავშვთა სახლის ეზო სავსე იყო პატარებით. მმართველს უყვარდა თავისი აღსაზრდელებისთვის შორიდან თვალის დევნება, ამ დროს კი ტანსაცმელში ჩამალულ უზარმაზარ ფრთებს ისწორებდა…
თქვენ შეიძლება არ გჯეროდეთ ანგელოზების, სამაგიეროდ, ანგელოზებს სწამთ თქვენი და ზრუნავენ როგორც თქვენზე, ასევე თქვენს შვილებზე…

http://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები