ლონდონში ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა. „007: სპექტრის“ პრეზენტაციას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები- პრინცები: უილიამი და ჰარი, ასევე კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონიც დაესწრნენ. სამეფო ტახტის მემკვიდრეები ფილმის მსახიობებსაც შეხვდნენ და მათ პირადად გაესაუბრნენ. პაპარაცების კამერების წინაშე აგენტ 007-თან – დენიელ კრეიგთან ერთად, წითელ ხალიჩაზე ბონდის გოგონები – მონიკა ბელუჩი და ლეა სუიდუცი პოზირებდნენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ: კრისტოფერ უოლცი, დეივ ბაუტისტა, ნაომი ჰარისი, ბენ უიშოუ, რალფ ფაინსი და სხვები.
ბრიტანეთის სამეფო ჯაშუშის შესახებ მორიგი კინოსურათის ჩვენების საზეიმო ცერემონია „ალბერტ–ჰოლში“ გაიმართა. მსახიობების თაყვანისმცემლებსა და ფილმის გულშემატკივრებს, მათ კუმირებთან ავტოგრაფებისა და ერთობლივი ფოტოსურათების გადაღების საშუალებაც მიეცათ.
„მე არ მიყვარს საკუთარი თავის ყურება ეკრანზე, მაგრამ მე მიყვარს ჯეიმს ბონდის თამაში. იმყოფებოდე აქ და ამ დროს – შესანიშნავი გრძნობაა“, – განაცხადა ფილმის მთავარმა გმირმა დენიელ კრეიგმა წითელ ხალიჩაზე.
ამას წინათ, კრეიგმა საკუთარი კინოგმირის შესახებ გამოცემა The Red Bulletin-თან ინტერვიუშიც ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ იგი არცთუ დიდი სიმპათიით არის გამსჭვალული თავისი პერსონაჟის მიმართ. კრეიგმა განაცხადა, რომ მართალია ჯეიმს ბონდი გმირია, რომელიც მსოფლიოს გადარჩენისთვის იბრძვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი კარგი ადამიანია.
„არ დაგვავიწყდეს, რომ იგი რეალურად ქალთმოძულეა. უამრავ ქალს იგი იმით იზიდავს, რომ გარკვეულ ხიფათს განასახიერებს და დიდი ხნით ერთთან არასდროს რჩება“, – განაცხადა კრეიგმა The Red Bulletin-თან ინტერვიუში.
ბონდი, როგორც ქალთმოძულე პერსონაჟი, მანამდეც იყო „შემჩნეული“. განსაკუთრებით მისი საეკრანო მოღვაწეობის საწყის პერიოდში – შონ კონერის 007-ი ხშირად იყენებს თავის მამაკაცურ ლიბიდოს. მაგალითისთვის გამოდგება პუსი გალორეს მოხიბვლა და გადაბირება Goldfinger-ში. კრეიგი სწორედ ამ თვისებაზე აკეთებს მინიშნებას და ამბობს, რომ თუმცა ბონდი თავშესაქცევი პიროვნებაა, მასში აღმაფრთოვანებელი არაფერია.
“ბოდნიანას“ ფილმებში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპეცაგენტის როლი დენიელ კრეიგმა ოთხჯერ ითამაშა. ცნობილია, რომ 007-ს ახალ სეზონზე სხვა აგენტი ეყოლება. ცოტა ხნით ადრე კრეიგმა Time Out-ს ინტერვიუს დროს უთხრა, რომ ბონდის როლის ისევ შესრულებას, მას საკუთარი ვენების გადასერვა ერჩია. თუ ვინ შეცვლის კრეიგს ყველა მამაკაცი მსახიობისთვის საოცნებო როლზე, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ ფილმის პროდიუსერები ამ როლზე მსახიობთა აქტიურ შერჩევასა და სასურველი კანდიდატურის ძებნას განაგრძობენ. ბრიტანულ პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ მომდევნო სერიაში ჯეიმს ბონდის როლი შესაძლოა, ცნობილ ფეხბურთელს – დევიდ ბექჰემს შეესრულებინა. თუმცა, სპორტსმენმა გავრცელებული ხმები მაშინ უარყო და განმარტა, რომ კარგი როლები მსახიობებმა უნდა შესასრულონ და არა კარგმა სპორტსმენებმა. ფეხბურთელმა მაშინ ისიც აღიარა, რომ მისი სახელის ასეთ კონტექსტში მოხსენიება მისთვის სასიამოვნოა. ერთ-ერთი ვერსიით, მომავალი ბონდი შესაძლოა, ცნობილმა „Х-ადამიანმა“ ჰიუ ჯეკმანმაც განასახიეროს.
ყველაფრის მიუხედავად, იმ ექვს მსახიობს შორის, რომლებსაც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ჯეიმს ბონდის როლის შესრულების პატივი წილად ხვდათ, დენიელ ქრეიგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმოჩნდა. ბონდზე გადაღებული უკანასკნელი ფილმისთვის „007: სპექტრი“, კრეიგი, ჭორების მიხედვით, 60 მილიონ დოლარს მიიღებს.
ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემა The Sun-ი წერს, რომ კრეიგის ჰონორარი ფილმისთვის „007: სპექტრი“ მეტია, ვიდრე საერთო შემოსავალი იმ ყველა, დანარჩენი მსახიობისა, რომლებსაც ოდესმე ბონდის როლი შეუსრულებიათ. დენიელი 24 მილიონ დოლარს უშუალოდ როლისთვის იღებს, დამატებით 6 მილიონს – ფილმის პრომო-კამპანიაში მონაწილეობისთვის, ხოლო დარჩენილ 30 მილიონს – თუ ფილმი გაქირავებაში დიდ შემოსავალს მიიღებს.
შედარებისთვის, პირს ბროსნანმა ჯეიმს ბონდზე გადაღებული ოთხი ფილმისთვის სულ 38 მილიონი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველისთვის მისმა შემოსავალმა ორ მილიონსაც კი ვერ მიაღწია. რაც შეეხება, უიღბლო ჯორჯ ლეზენბის, რომელმაც ბონდზე გადაღებულ ერთადერთ ფილმში „მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში“ მიიღო მონაწილეობა, მისმა შემოსავალმა მხოლოდ 80 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება თავად ახალ ფილმს, რომლის პრემიერაც ახლახან ლონდონში შედგა, ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ჯეიმს ბონდი დაშიფრული წერილის დახმარებით გლობალური საშიში ორგანიზაციის „სპექტრის“ კვალზე გადის. იმავე დროს, ლონდონში უშიშროების ცენტრის ხელმძღვანელს ეჭვი ეპარება „მი-6“-ის მნიშვნელობაში და აგენტ 007-ის საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებს.