რომელ ცნობილ მომღერალზე იყო დაქორწინებული პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური – ქორწინებისა და დაშორების დეტალები
სკანდალური დეპუტატი თამაზ მეჭიაური, პირველ ქორწინებაში მომღერალ თამრიკო მეჭიაურზე იყო დაქორწინებული. მათ ამ ქორწინებიდან საერთო შვილი და შვილიშვილები ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ „მოღალატეს“ ცნობილი შემსრულებელი ქალბატონი ყოფილ მეუღლეზე ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში, გაცნობისა და დაშორების დეტალებზე ჰყვებოდა. გთავაზობთ, ამონარიდს ქალბატონი თამრიკო ინერვიუდან.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?
– თიანეთში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე თამაზ მეჭიაური. დღემდე მის გვარზე ვარ, ჩემი ქალიშვილობის გვარი ბალახაშვილია. ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდა იყო. სიყვარულზე თითქმის არ გვქონია ლაპარაკი, ჯარში რომ იყო, მიწერ-მოწერა გავაჩაღეთ. 17 წლის გავთხოვდი. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი…. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი თიანეთში. მშობლები გამინაწყენდნენ, მაგრამ უკან მობრუნებული ქალი შინ იმ დროს არავის უნდოდა. ასე დავრჩი ქმართან. ამ ქორწინებიდან ერთი შვილი მყავს, კახა, დაოჯახებულია, მეოთხეკლასელი შვილიშვილიც მყავს.
კახა მეჭიაური დედასთან და დეიდასთან ერთად
– რატომ დაშორდით მეუღლეს?
– ვერ გავუგეთ ერთმანეთს, პატარები ვიყავით, გამოუცდელები, ოჯახისთვის მოუმზადებლები. მიუხედავად ამისა, ამ ქორწინებას არ ვნანობ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ერთადერთი შვილი ჩემი მეუღლისგან მყავს, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ დავრჩი მარტო. დღეს მას სხვა ოჯახი აქვს, თუმცა მის შვილებთან მეც კარგი ურთიერთობა მაქვს და ისიც ჩვენს ოჯახში სასურველი სტუმარია.
– როცა მარტო დარჩით შვილთან ერთად, როგორ არჩენდით ოჯახს?
– ხუთი წლის იყო კახა, მარტო რომ დავრჩი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მოსწავლეები ავიყვანე, გიტარაზე დაკვრას ვასწავლიდი ისე, რომ თავად არ ვიცოდი, 2-3 თვის ნასწავლი მქონდა. დილით მე მივდიოდი გიტარის პედაგოგთან და საღამოს მოსწავლეებს ვამეცადინებდი. რომ მეუბნებოდნენ, დაგვიკარით, თამრიკო მასწ, რამე გვიმღერეთო, ერთად დავუკრავთ-მეთქი, ვპასუხობდი. და მართლაც ერთად დავუკარით. ქართულ სიმღერებსა და რუსულ რომანსებს ვასწავლიდი. დღებსა და ღამეებს ვასწორებდი, რომ 2-3 ნაბიჯით გამესწრო ჩემი მოსწავლეებისთვის.
– თქვენს განვლილ წლებს რომ გადახედავთ, რას ნანობთ?
– უშეცდომო არავინაა, პატარ-პატარა შეცდომები ყველას გვქონია ცხოვრებაში, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ასე ვიცხოვრეთ და გამოსწორებად არაფერი არ ღირს. თუმცა ერთ რამეს მაინც ვნანობ, მეტად მინდოდა მიმეხედა ჩემი კარიერისთვის, რომ არა ჩემი ნაადრევი გათხოვება, დღეს „ლა-სკალას“ ერთ-ერთი წამყვანი საოპერო მომღერალი ვიქნებოდი.
ცნობილი მომღერალი თამრიკო მეჭიაური
– დღეს თქვენი სიმღერებიდან ყველაზე პოპულარული მაინც „მოღალატეა“, როგორ გგონიათ, რატომ?
– ეს ის თემაა, რომელიც, სამწუხაროდ, არაერთი ადამიანის გულს ხვდება. ალბათ ესაა ამ სიმღერის პოპულარობის მიზეზი. თუმცა არანაკლები პოპულარობა მომიტანა ბოლო სიმღერამ „დავიბადები“ და სწორედ ამ სიმღერის ტექსტით დავამთავრებ დღევანდელ ჩვენს ინტერვიუს.
„დავიბადები ხელახლა და უშეცდომოდ ვივლი.
დავისაკუთრებ შენს თვალებს, ერთად მოვივლით თბილისს“.
წყარო:http://www.reitingi.ge