ცხოვრება ღრუბლებში – სვანეთი ბრიტანული გამოცემის ობიექტივში (ფოტოკოლაჟი)

ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი, სადაც წელიწადის 6 თვის მანძილზე თოვლი დევს, – სვანეთის შესახებ სტატიას ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ აქვეყნებს. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე უშგულის სოფლები – ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში პოლონელმა ფოტოგრაფმა Rafal Nycz treks-მა მეგობარ გოგონასთან ერთად ველოსიპედით მოიარა. ადგილობრივ ადათ-წესებისა და ტრადიციების გაცნობასთან ერთად, მათ სვანეთის არქიტექტურის ნიმუშები – სვანური კოშკებიც შეისწავლეს. პოლონელი ფოტოგრაფი ამბობს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალ წერტილზე მდებარე პატარა სოფლებისა და ადგილობრივმა გეოგრაფიულმა სილამაზემ ის სრულებით მონუსხა. სტატიაში ნათქვამია, რომ ბუნების მომნუსხველმა პეიზაჟებმა უცხოელ ტურისტებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ფოტოგრაფი ორკვირიან ექსპედიაციაში ველოსიპედით გაემგზავრა. ყველა მნიშვნელოვან ლოკაციაზე ნანახი კი მათ საკუთარ ფოტოობიექტივზე აღბეჭდეს. ფოტოებზე, ტრადიციული ქართული ცხოვრების წესის აღმბეჭდავ კადრებთან ერთად, განსაცვიფრებელი მთიანი პეიზაჟები ჩანს.
„ეს არის ცხოვრება ღრუბლებში. გზადაგზა ჩვენ გასაოცარი სანახაობა და საინტერესო, სტუმართმოყვარე ხალხი აღმოვაჩინეთ. საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის ნახვის იდეა სრულიად შემთხვევით მომივიდა, როდესაც ერთ-ერთ გეოგრაფიულ გამოცემაში უშგულის შესახებ წავიკითხე. ადგილი რომელიც ფურცლებზე იყო აღბეჭდილი, განსაკუთრებული ჩანდა. მე მივხვდი, რომ წინ ძალიან საიონტერესო მომავალი მოგზაურობა მელოდა“,- ამბობს პოლონელი ფოტოგრაფი. ბრიტანული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ უშგულის სოფლებში მდებარე ნაგებობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ისინი გამორჩეულია დამახასიათებელი ლანდშაფტის, გასაოცარი ხეობების, ალპური მდელოებისა და თოვლით დაფარული მთების გამოც. განუმეორებელ სილამაზეს კი სვანეთის მთებში გაბნეული კოშკების სიმრავლე ქმნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები