სუიციდი სოცქსელში…

სოციალური ქსელის ყველაზე დიდ პრობლემას დროის ფლანგვა წარმოადგენს. თუმცა, მის გარეშე თითქოს არც კი არსებობ. არავინ იცის, როდის გწყინს, როდის გიხარია, ვისთან ერთად ხარ… ბევრი რომ არ გავაგრძელო, სოცქსელზე მიჯაჭვულობის ერთ-ერთი მარტივი მიზეზი თვითპიარია. იქ შესაძლოა, ცოტა სხვანაირად ვაჩვენებთ ჩვენს თავს. 4-საათიანი სურათების გადარჩევის შემდეგ, ვითაგებით! მას მოსდევს „ლაიქი“, პოსტი, წერის მანერა, მოკლედ ყველაფერი იმისთვის, რომ შეიქმნა სასურველი იმიჯი. როცა ასეთი „ჩასაყლაპი“ ხარ, იქ, ბუნებრივია, არ გინდა, მოწყდე იმ სამყაროს. გადის დრო, ყველას ბეზრდება შენი გვერდის თვალიერება და შენც უქმდები!
სუიციდი სოცქსელში, ალბათ, ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აბა, მართლა თავის მოკვლა რომ გვინდოდეს, სხვისი ყურადღებაც და Iphone 6-იც ოხრად დაგვრჩება. დღესდღეისობით ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარულ სოცქსელს ფეისბუქი წარმოადგენს. ხშირად მომისმენია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „გუშინ Fb გავაუქმე“, „Fb და მე შორს ვართ“, „ძალიან დამღალა Fb-მ“.
რა უნდა ქნას კაცმა უფეისბუქოდ? ძალიან მარტივი და ერთსიტყვიანი პასუხია: უნდა იცხოვროს! აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რატომაა სოციალური ქსელი მავნებელი ჯანმრთელობისთვის და არა მარტო. უბრალოდ ვიტყვი, რომ დრო, რომელიც ამ წუთისოფელმა გვიბოძა, არც ისე ხანგრძლივია: დაახლოებით 20 წელი ხმარდება ჩვენს, ასე თუ ისე, პიროვნებად ჩამოყალიბებას. იღბლიანი ხარ, თუ იშოვე სამსახური. ერთი 20 წელიც ცდილობ, იცხოვრო მთლიანი დატვირთვით: იქ გართობაც მოასწრო, მუშაობაც, ოჯახი შექმნა და ათასი წვრილმანი. კვლავ გამართლების შემთხვევაში ერთი 20 წელიც სიბერესთან შემგუებლური დამოკიდებულებით არსებობ – The end. ასეთ ხანმოკლე სიცოცხლეში ღირს ძვირფასი დრო, რომელიც გაგვაჩნია, არ დავაფასოთ და ვიღაცის მოგონილ იმ სოციალურ ქსელს მივახარჯოთ, სადაც ნიღბების კორიანტელია და არანაირი პიროვნული თავისუფლება?
თავისუფლება ისაა, რაც გამომდინარეობს უშუალოდ შენი შესაძლებლობებიდან და როგორ გინდა შეაფასო შენი შესაძლებლობები, თუ სოციალური ქსელით უაზროდ, დროში დაკარგულივით იზღუდები. და რაც მთავარია:ლურჯი ლოგოს თვალებგაშტერებულ ყურებას ჯობია, რომ მეტი დრო ოჯახსა და ახლობლებს დავუთმოთ.

ლექსო მიგრიაული

კომენტარები

სხვა სიახლეები