ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონ ტრავოლტა კანის კინოფესტივალზე ახალი იმიჯით გამოჩნდა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობმა წითელ ხალიჩაზე თეთრი ბერეტით, მრგვალი სათვალითა და შეცვლილი სტილის წვერით გაიარა, რის გამოც ბევრმა გულშემატკივარმა ის თავდაპირველად ვერც კი იცნო.
72 წლის მსახიობი კანის ფესტივალზე საკუთარი სარეჟისორო დებიუტის — „Propeller One-Way Night Coach“-ის პრემიერისთვის ჩავიდა. ფილმი ტრავოლტას 1997 წელს გამოცემული საბავშვო წიგნის მიხედვითაა გადაღებული. პრემიერას მსახიობის ქალიშვილი, ელა ბლუ ტრავოლტაც ესწრებოდა, რომელიც ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს.
ფესტივალის ფარგლებში ტრავოლტას საპატიო „ოქროს პალმის რტოც“ გადასცეს, რასაც მსახიობი ემოციური სიტყვით გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელებში მსახიობის ახალმა გარეგნობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრავოლტა ახალგაზრდულად და ელეგანტურად გამოიყურება, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მსახიობი საგრძნობლად შეცვლილია.