ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვის გეგმას ამზადებს

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ამზადებს ანგარიშს, რომელიც არასრულწლოვნების სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვის შესაძლებლობებს შეეხება. დოკუმენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება საფუძველი ევროკავშირის მასშტაბით ახალი რეგულაციების განხილვისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება ბავშვებისთვის სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობის ასაკობრივი ზღვრის დაწესება ან ასაკის გადამოწმების უფრო მკაცრი მექანიზმების დანერგვა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც ის არის დაზუსტებული, თუ რა ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება.

ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, დანია და საბერძნეთი უკვე მუშაობენ ეროვნულ დონეზე შესაბამისი შეზღუდვების შემოღებაზე, ხოლო ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე პირებისთვის მსხვილ სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აკრძალა.

ამავე დროს, ევროკომისია ტექნოლოგიურ კომპანიებსაც ამკაცრებს მოთხოვნებს. 10 ივლისს მან წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც Meta-ს ეკუთვნილი Facebook-ისა და Instagram-ის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა უსასრულო გადახვევა (infinite scroll), ვიდეოების ავტომატური ჩართვა (autoplay) და პერსონალიზებული რეკომენდაციები, შესაძლოა, არასრულწლოვნებში დამოკიდებულების ფორმირებას უწყობდეს ხელს. თუ კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს, მას სოლიდური ფინანსური სანქციები ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები