ბულგარეთში „ევროვიზია 2027“-ის მასპინძელი ქალაქის შერჩევის პროცესი გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ოთხ კანდიდატ ქალაქს შორის ბრძოლას მხოლოდ სოფია და ბურგასი აგრძელებენ.
საწყის ეტაპზე განაცხადები ასევე ჰქონდათ პლოვდივსა და ვარნას, თუმცა ტექნიკური და საორგანიზაციო მოთხოვნების შეფასების შემდეგ ისინი კონკურსს გამოეთიშნენ. სპეციალურმა კომისიამ შეაფასა საკონცერტო არენების შესაძლებლობები, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მოთხოვნებთან შესაბამისობა და ღონისძიების მასშტაბის ორგანიზებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
შემდეგ ეტაპზე EBU-ს წარმომადგენლები სოფიასა და ბურგასს პირადად ეწვევიან, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდება, რომელი ქალაქი უმასპინძლებს 2027 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. გამარჯვებული ქალაქის ვინაობა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.